Responsible Statecraft: ომის დღესვე დასრულების შემთხვევაში, უკრაინას შესაძლოა სამხედროებისთვის და მათი ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით $130 მილიარდზე მეტი დაეკისროს
Responsible Statecraft-ი უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების საფასურის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
სტატიის „უკრაინელი მიცვალებულების დაბრუნების საშინელი ფასი“ ავტორი იან პრაუდი დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის აუცილებლობის შესახებ და მასთან დაკავშირებულ ფინანსურ პრობლემებს განიხილავს.
კერძოდ, ავტორი აღნიშნავს, რომ სტამბოლში მხარეები უკრაინისთვის 6 ათასზე მეტი ცხედრის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
„უკრაინის წინაშე მდგომი ამოცანა მრავალჯერადად უფრო რთულია – ყველა დაღუპული უკრაინელი სამხედრო კაცისა და ქალის იდენტიფიცირებას წლები და არა თვეები დასჭირდება. 2004 წელს ტაილანდში დაღუპული 3 000 დასავლელი ტურისტის იდენტიფიკაციას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. ამაში პოლიციელებისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების უზარმაზარი საერთაშორისო ჯგუფი იყო ჩართული, რომლებიც მიცვალებულებისგან ნიმუშებს იღებდნენ.
მაშინაც კი, როდესაც ცხედრები კარგად არის შენახული და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სანდო ვიზუალური იდენტიფიკაცია შეუძლებელია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ემოციურად სასოწარკვეთილი ნათესავები ცდებიან და ცხედარს თავის ოჯახის წევრად მიიჩნევენ.
არაფერი მინახავს, რაც დაადასტურებდა, რომ უკრაინას აქვს საკმარისი ინსტიტუციური რესურსი ან შესაძლებლობა, მასშტაბური ცხედრების იდენტიფიკაციის ოპერაციის განსახორციელებლად იმ ცხედრებთან მიმართებით, რომლებიც უკვე მის ხელშია. და რაც შეეხება დასავლელი პოლიციელებისა და სასამართლო ექსპერტების დახმარებას – ეს ომის პირობებში შეუძლებელი იქნება“, – წერს პრაუდი და ყურადღებას ამახვილებს იმ კომპენსაციაზე, რომელსაც ოფიციალური კიევი ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და დაჭრილ სამხედროებს უხდის.
ის სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ომის დღესვე დასრულების შემთხვევაში, უკრაინას, კონსერვატიული შეფასებითაც კი, შესაძლოა 130 მილიარდ დოლარზე მეტი კომპენსაციის ვალდებულება დაეკისროს. შედარებისთვის, უკრაინას 2025 წელს 48.2 მილიარდი დოლარის საგადასახადო შემოსავალი აქვს დაგეგმილი. „ვინც ფიქრობს, რომ უკრაინა ამ ვალდებულებების დასაფარად დასავლელ დონორ ქვეყნებს დახმარებას არ სთხოვს, თავს იტყუებს“, – წერს ავტორი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ კაცების ომში ჩართვის სტიმულირების მცდელობის ფარგლებში, ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ყველაზე დაბალი რანგის ჯარისკაცებს უკრაინის საშუალო ხელფასზე ათჯერ მეტს უხდიან.
„კერძოდ, ფრონტის ხაზზე მყოფთა საბაზისო ხელფასი თითქმის 4 593 დოლარია თვეში, ხოლო ყველა ჯარისკაცი იღებს დამატებით დაახლოებით 1 700 დოლარს ყოველი ჯამური 30 საბრძოლო დღის სანაცვლოდ. ეს ბოლო თანხა, შემზარავად, ასევე მიანიშნებს ფრონტის ხაზზე მყოფთა მცირე სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. 2023 წლის დასაწყისში აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი ამტკიცებდა, რომ ახალწვეულის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ფრონტზე მხოლოდ ოთხი საათი იყო. და, რა თქმა უნდა, ომის მიმდინარეობისას გადახდილი განსაკუთრებით მაღალი ხელფასები სერიოზულ პოლიტიკურ გამოწვევად იქცევა მაშინ, როცა ბრძოლა დასრულდება და ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების ანაზღაურება დაახლოებით 89%-ით შემცირდება“, – წერს პრაუდი.