დავით უსუფაშვილი: დემოკრატიული სისტემა, დღევანდელი მდგომარეობით, არის სწორედ ევროატლანტიკური მიმართულება

 „როდესაც ნინო ბურჯანაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ იყო ბრალდება, რომ ლევან ბერძენიშვილი, მე, ალბათ, და ყველანი „შნურით“ ვიყავით მიერთებულნი მოსკოვზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
უსუფაშვილმა კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით მისი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„როდესაც ნინო ბურჯანაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ იყო ბრალდება, რომ ლევან ბერძენიშვილი, მე, ალბათ, და ყველანი „შნურით ვიყავით მიერთებულნი მოსკოვზე.“ ახლა, ჩემი „ოცნებელი“ კოლეგების ნაწილი გველაპარაკება ამას? ოღონდ მცირედი განსხვავებით. მათი ფანტაზია იქამდე მივიდა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ „პირდაპირი კავშირი დავკარგეთ მოსკოვთან“ და „ახალი კავშირი ნინო ბურჯანაძეზე გავლით გავაბით.“ აი ეს აღმოაჩინეს 4 წლის განმავლობაში. ბარაქალა მათ! მოკლედ, რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენი ინიციატივა ეხება თემას, რომლის თაობაზე, ამ პარლამენტში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა, ერთი-ორი პარტიის გამოკლებით, ყველამ მოვაწერეთ ხელი დეკლარაციას და გავაკეთეთ პოლიტიკური განაცხადი. დღეს ჩემი წინადადებაა, ეს პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ყველამ – ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა. იმიტომ, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის მიგვეწვდინა ჩვენი ხმა არსებული მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის შესახებ ამის თაობაზე. და საქართველოს მოსახლეობისთვისაც ასევე შეგვეხსენებინა, რომ, დიახ, ეს პოლიტიკური პარტიები მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მითუმეტეს ამ პერიოდში, როდესაც მომძლავრდა პრორუსული ძალები, მათ შორის, ბურჯანაძე და მისი გუნდი, რომელიც სრულიად ღიად და ცალსახად გვეუბნება იმას, რომ საქართველოში არ შემოვუშვათ ჩვენი სტრატეგიული მხარდამჭერი ქვეყნების სამხედრო ძალები, თუ სხვა ინფრასტრუქტურა და გავუხსნათ გზა და დავუტოვოთ ეს ყველაფერი რუსეთს ექსკლუზიურად. აი, ამის საპასუხოდ, შევთავაზეთ ჩვენ ყველა იმ ძალას, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გადავდგათ კიდევ ერთი ლოგიკური ნაბიჯი და საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ჩავწეროთ, ჩვენი ნებაა, რომ დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში.
აქ საუბარია უსაფრთხოების და თანამშრომლობის, დემოკრატიული სახელმწიფოების სისტემაში სრულფასოვანი ადგილის დამკვიდრებაზე, ეს არის ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზეც, ნატოს წევრობაზეც, ეუთოს წევრობაზეც, ევროსაბჭოს წევრობაზეც და სხვა იმ სტრუქტურებში ინტეგრირებაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თვალსაწიერი მომავლისთვის. და კონსტიტუციები იწერება თვალსაწიერი მომავლისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვუთითებთ აქ ინდოევროპულ მიმართულებას, ან წყნარი ოკეანის მიმართლებას, იმიტომ, რომ დემოკრატიული სისტემა დღევანდელი მდგომარეობით, არის სწორედ ევროატლანტიკური მიმართულება, ჩვენი კულტურულ-სახელმწიფოებრივი საარსებო გარემო ეს არის ევროპული მიმართულება და სწორედ ეს, პრეამბულაში, როგორც გაცხადებული პრინციპი ჩავწეროთ – ესაა ჩვენი ინიციატივა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები