საინიციატივო ჯგუფის მიმართვა პარლამენტის ბიურომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა

საინიციატივო ჯგუფის მიმართვა ”უბლოკო სტატუსის” შესახებ პარლამენტის ბიურომ რეგისტრაციის მიზნით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ეს არის საკითხი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტში გარკვეული პროცედურების გავლას საჭიროებს.
”პარლამენტის ბიურო ამ საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცემს და წესის მიხედვით, კომიტეტი მიიღებს სათანადო ზომებს საკითხის განხილვისთვის”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ხვალ, კომიტეტის სხდომას ჩაატარებს და საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელებს.
როგორც ბიუროზე დეპუტატებმა აღნიშნეს, კომიტეტის დასკვნა ბიუროზე დამტკიცებას აღარ საჭიროებს.
კომიტეტს მსჯელობისთვის შვიდი დღის ვადა აქვს, ხოლო დამტკიცებიდან ხელმოწერების შეგროვებისთვის საინიციატივო ჯგუფს 4 თვის ვადა მიეცემა. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.
ცნობისათვის, საინიციატივო ჯგუფი 10 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან: ნინო ბურჯანაძე, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვები. საინიციატივო ჯგუფს მზად აქვს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით კონსტიტუციისათვის შემდეგი პუნქტის დამატებას ითხოვენ:
“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში, ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები