გიორგი მარგველაშვილი: თუ შენ არ წახვალ არჩევნებზე, შენ პოლიტიკოსს ვერ დასჯი, ამით შენ ვერ შეცვლი კლიშეს

ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიას. დემოკრატია არის ყველას თანამონაწილეობა, ყველას ჩართულობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქობულეთში განაცხადა, სადაც “შენი ხმა ჩვენი მომავალია” კამპანიის ფარგლებში საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა.
პრეზიდენტმა, არჩევნებში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლა, ქართველი ოლიმპიელების მიერ რიოში მოპოვებულ წარმატებაზე საუბრით დაიწყო.
„მინდა ქართველ ოლიმპიელებს მივულოცო გუშინდელი გამარჯვება, ძალიან გაგვახარეს. მინდა თქვენც მოგილოცოთ, თქვენი გუშინდელი ჰაკა ვნახე და არაჩვეულებრივი იყო. ძალიან კარგი შემართებით იყავით. მიხარია, რომ ასე აქტიურად ჩაერთეთ პროექტში. ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ამას, რასაც თქვენ აკეთებთ. ვაკეთებთ იმას, რომ ვააქტიურებთ ჩვენს მოქალაქეებს. მათ მოვუწოდებთ, რომ იყვნენ შემოქმედნი ახალი ძლიერი დემოკრატიული საქართველოსი. ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიას. დემოკრატია არის ყველას თანამონაწილეობა, ყველას ჩართულობა.
დემოკრატია არის ის, რომ ყველა მოქალაქე ერთნაირად არის მონაწილე და თანაშემოქმედი ჩვენი ერთობლივი ცხოვრების. საზოგადოებამდე უნდა მივიტანოთ ის, რომ არავის არ ვთხოვთ, ვინმეს მისცენ ხმა, არ ვთხოვთ, რომ ჩვენ დაგვიჭირონ მხარი. ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, რომ ისინი იყვნენ ჩართულნი თანამედროვე საქართველოს შემოქმედებაში, თანამედროვე საზოგადოების შექმნაში. ეს შეიძლება გარკვეულწილად კლიშეს შეცვლა იყოს, იმიტომ, რომ არავითარი აგიტაცია აქ არ ხდება, არ ხდება იმის მოწოდება, რომ იყავი ამის მომხრე, ან ამის მოწინააღმდეგე. მაგრამ ხდება მთავარი, ხდება იმ პოზიციის დაფიქსირება, რომ შენ უნდა იყო ჩართული არჩევნებში, რომ შენი ხმა არის მომავალი საქართველოსი.
ალბათ, გქონდათ მომენტები, როცა გეკამათებოდნენ და გეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკოსებმა გაგიცრუეს იმედი, ან რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, მაინც ყველა პოლიტიკოსი თავისთვის გეგმავს ყველაფერს…
მაგრამ თქვენ გაქვთ მთავარი არგუმენტი, რომ თქვენ არცერთი პოლიტიკოსის პოპულარიზაციას არ აკეთებთ, თქვენ ეუბნებით, რომ თუ შენ არ წახვალ არჩევნებზე, შენ პოლიტიკოსს ვერ დასჯი, ამით შენ ვერ შეცვლი კლიშეს, პირიქით, შენი თანამონაწილეობით ქმნი პრეცედენტს და ქმნი ვალდებულებას, რომ ამომრჩეველი ავალდებულებს პოლიტიკოსს, მესიჯს აძლევს, რომ ემსახუროს საზოგადოებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები