ქართულმა მართლმსაჯულებამ კეზერაშვილის სასარგებლოდ კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა

წინა ხელისუფლების დროს წართმეული ბიზნესი და კიდევ ერთი საქმე კეზერაშვილის და მისი ყოფილი კომპანიების წინააღმდეგ – 12 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე თეა ხამხაძემ გადაწყვეტილება დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა.

თეა ხამხაძის განმარტებით, სასამართლომ ვერ დაადგინა ვერც იძულების და ვერც ფასთა სხვადასხვაობის ფაქტი, რათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი ჰქონოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთადერთი საქმე იყო დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ დავებში, სადაც დავით კეზერაშვილის ყოფილმა მოადგილემ მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და დეტალურად აღწერა თუ როგორ ახორციელებდა კეზერაშვილი ბიზნესმენებზე ზეწოლას პიქსელის შენობაში.

როგორც „სენტას“ მეპატრონეები აცხადებენ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა,  კეთილსინდისიერ მეპატრონეებს “სენტა პეტროლიუმსა” და „ბემონს“ წილი იძულებითა და მუქარით გადააფორმებინა „გალფის“ ბრენდის ქვეშ მოქმედ შპს-ეებზწ -„სან პეტროლიუმ ჯორჯია Sun Petroleum Georgia“-სა (ყოფილი შპს “სან ოილ ჯორჯია”) და შპს „ჯორჯიან პეტროლიუმზე.

ამონარიდი მამუკა მუჯირის ჩვენებიდან: „იმ პერიოდში საქართველოში რაც ხდებოდა, სულ იყო მმართველი გუნდის 3-4 ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ისინი   წყვეტდნენ ნებისმიერი ადამიანის ბედს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი იყო დათო კეზერაშვილი. კეზერაშვილის ნათქვამი ავტომატურად ნიშნავდა ადეიშვილის ნათქვამსაც და მერაბიშვილის ნათქვამსაც. რას ქვია იტყოდა დაგიჭერო და არ შეასრულებდნენ მერაბიშვილი, ან ადეიშვილი?!

ჩემი თვალით ვარ შემსწრე, ჩემი მუშაობის პერიოდში, ყოველ საღამოს მიდიოდა კეზერაშვილი ადეიშვილთან და იქ იყო კრება. ან ყოველ საღამოს ამასთან იკრიბებოდნენ ხოლმე უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი. ძალიან ბევრჯერ. მაგ შეხვედრებზე კაბინეტში ერთი-ორჯერ ვარ შესული, როდესაც ერთად იყვნენ შეკრებილები. ეს იმდენად ხშირი იყო, ცხადია, დაუკითხავად არ შევდიოდი. ინტენსიობა საკმაოდ ხშირი იყო.“

„სენტა პეტროლიუმის“ საქმეში ახალი მოწმის მიერ მიცემული ჩვენება სრულად აღწერდა იმ სქემას, რომლითაც  2004-2012 წლებში ქონების წართმევა, ბიზნესმენების დაჭერა და მათთვის თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გამოძალვა ხდებოდა. თუმცა, მოსამართლე თეა ხამხაძისთვის, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

ზაალ იაკობიძე: („სენტა ჯგუფის“) დამფუძნებელი: 2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბრალდებულმა დავით კეზერაშვილმა დაგვიბარა ე.წ. „პიქსელი“-ს შენობაში და 60 000 000 დოლარად შეფასებული შპს ”სენტა პეტროლიუმის” და შპს ”ბემონის” აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოგვთხოვა. შეხვედრისას განგვიმარტა, რომ მის მიერ შემოთავაზებული ფასი, განხილვას არ ექვემდებარებოდა და გადაწყვეტილება  დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო.

ჩვენი მხრიდან უარის შემთხვევაში, როგორც მან გვითხრა, მოხდებოდა ჩვენი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაიმართა კიდევ რამდენიმე შეხვედრა, სადაც კეზერაშვილი კატეგორიულად მოითხოვდა ჩვენგან ბიზნესაქტივების დაუყოვნებლივ გადაფორმებას, წინააღმდეგ  შემთხვევაში, პრობლემების შექმნით, დაპატიმრებით, ოჯახის წევრების გაუბედურებითა და სიცოცხლის ხელყოფით გვემუქრებოდა.

მამუკა მუჯირი: კეზერაშვილი იმ დროს თანამდებობაზე აღარ მუშაობდა. იყო ჩვეულებრივი რიგითი ბიზნესმენი. ზოგადად, იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი როდესაც დაიბარებდა გასაგები იყო, რომ იქ ბიზნესს დაათმობინებდა, თუ სხვა რაღაცას იზამდა მგონი, ყველასთვის ცნობილია, როგორც ხდებოდა ხოლმე ასე ვთქვათ ბიზნესის „ახევა“.

სხვის შემთხვევაში რას შვებოდა არ ვიცი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცი, რომ დაურეკეს, დაიბარეს კეზერაშვილთან პიქსელის შენობაში, მეათე სართულზე ჰქონდა კაბინეტი, სადაც შეხვედრია და მოუთხოვია, რომ თქვენი ბიზნესი უნდა წავიღოო.

თავიდან, მე რამდენადაც ვიცი, უთქვამს, რომ 28 მილიონს გადაგიხდით და უნდა მომყიდოთო. ერთი დღე მისცა მოსაფიქრებელი ვადა. ბიჭებმა მე მითხრეს, რომ არ უნდოდათ საერთოდ გაყიდვა იმიტომ, რომ იმ პერიოდში, რამდენადაც მათგან ვიცოდი, თვეში დაახლოებით 10 მილიონის, თუ მეტის მოგება ჰქონდათ. მთხოვეს, იქნებ მიხვიდე, შენ ახლოს ხარ მაგასთანო. იქნებ მიხვიდე და თხოვო, რომ თავი დაგვანებოსო. თემა ეს იყო.

მეორე დღეს მივედი პიქსელის შენობაში კეზერაშვილთან და ვკითხე, რა ხდებოდა, რაში იყო საქმე, რას ერჩოდა. კეზერაშვილმა მომიყვა ასეთი ამბავი, რომ ვიღაც უცხოელი ინვესტორი იყო, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესში ფულის ჩადებას აპირებდა, მზად იყო, რომ რომელიმე ქსელი შეეძინა და ბიზნესის 50%-ში მზად იყო, რომ 100 მილიონი დოლარი გადაეხადა. კეზერაშვილმა მომიყვა, რომ დაახლოებით ასეთი სქემა ჰქონდა მოფიქრებული, რომ იმ პერიოდში იყო ასეთი გაკოტრებული ქსელი „მაგნატი“ რომელსაც, თუ არ მეშლება, ბანკი ყიდდა 6 თუ 7 მილიონ დოლარად. მაგრამ ამ „მაგნატს“ ბენზინგასამართი სადგურები ჰქონდა ცუდ ადგილას. თბილისში არ იყო წარმოდგენილი კარგად და ძირითადად რაიონებში ჰქონდა ეს თავისი ბენზინგასამართი სადგურები. „სენტა პეტროლიუმს“ კიდევ სწორედ თბილისში, თუ არ მეშლება, 10 თუ 15 ბენზინგასამართი სადგური ჰქონდა და რაიონებშიც კარგად იყო წარმოდგენილი. კეზერაშვილს ასეთი გეგმა ჰქონდა, რომ უნდოდა ეს ორივე ბრენდი გაეერთიანებინა ერთი ბრენდის ქვეშ, ანუ თბილისშიც ექნებოდა სადგურები და რეგიონებშიც. 28 მილიონი ამათთვის კიდეც რომ მიეცა, 7 მილიონი ბანკიდან „მაგნატის“ ქსელს რომ წამოიღებდა დაახლოებით 30-35 მილიონს მისი ხარჯი, იდეაში, არ უნდა ამცდარიყო. ამას ერთი ბრენდის ქვეშ უპირებდა შეფუთვას და 50%-ში 100 მილიონიანი ინვესტორი შემოჰყავდა. წილში წილი რჩებოდა და 100 მილიონს ფულად შოულობდა. მითხრა, ეს იაკობიძეს და მიმინოშვილს არ უთხრაო. ამხელა მოგების მიღების პერსპექტივა ჰქონდა. ეს შეთანხმებული მაქვს ყველასთან და აღარაფერი შეიცვლებაო. მაგათ ურჩიე, მოეშვან სისულელეებს, მოვიდნენ და მომიწერონ ხელიო. იმხელა მოგების მიღებაზე იყო საუბარი, გასაგებია მისი მოტივაციები.

იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი რომ რაღაცას გთხოვდა ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ან დაგიჭერდნენ, ან სხვა ზემოქმედებას მოახდენდნენ. დამუქრებია კიდეც პირველივე შეხვედრაზე, რომ თუ არ დაეთანხმებოდნენ, ვერ დაამთავრებდნენ კარგად.

მერე იქ პირდაპირი მუქარები იყო, რასაც მე შევესწარი. დაჭერითაც დაემუქრნენ და სიცოცხლითაც. მე თვითონაც შევესწარი გარკვეულ მოვლენებს.

სასამართლო განხილვისას, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის საეჭვო დასკვნას ეხება.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საეჭვო დეტალები:

ზაალ იაკობიძისა და დავით მიმინოშვილის საჩივარის საფუძველზე, 2013 წლიდან ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას ჯერ აწარმოებდა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია, ხოლო მას შემდეგ, რაც მთავარ პროკურატურაში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, აღნიშნული საქმის გამოძიება ზემოთ აღნიშნულ დეპარტამენტში გაგრძელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 181-ე (გამოძალვა) და 194-ე (ფულის გათეთრება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 25 აგვისტოს გამოძიებამ დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა და ექსპერტიზაზე გაიგზავნა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები.

როგორც საქმის ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნავს: ექსპერტიზა ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამხარაულის ექსპერტიზის სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა გამოძიებას რამდენჯერმე მიმართა წერილით, სადაც დამატებით დოკუმენტაციას ითხოვდა.

2016 წლის 29 თებერვალს სამხარაულის ექსპერტიზის სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა გასცა დასკვნა და სამივე შეკითხვის პასუხად, აქტივების, წილებისა და ბიზნესის ღირებულება განსაზღვრა 22 200 000 აშშ დოლარით (ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა).“

სამოქალაქო დავის პროცესში გაირკვა, რომ 2016 წლის ივნისში შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-მ სამხარაულის ექსპერტიზის იმავე დეპარტამენტს დაუკვეთა ექსპერტიზის ჩატარება და ითხოვდა აქტივების შეფასებას, თუმცა აღნიშნულზე გიორგი ჩადუნელმა, მის მიერ გაცემული დასკვნით უპასუხა, რომ ექსპერტიზა ვერ გასცემდა სათანადო დასკვნას, რადგან „სან პეტროლიმ ჯორჯია“-მ სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

2016 წლის ივლისში „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-მ ისევ დაუკვეთა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩატარება იმავე საკითხთან დაკავშირებით და ექსპერტიზისგან ითხოვდა შპს “სან პეტრლიუმ ჯორჯია”-სა და შპს “ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითიზ”-ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე შპს “ბემონი”-სა და შპს “სენტა პეტროლიუმი”-საგან შეძენილი აქტივების ღირებულების განსაზღვრას.

ნანა ფრიდონაშვილი: თუმცა, გამოძიება ითხოვდა ბიზნესის შეფასებასაც, აქტივებთან ერთად. ივნისში დანიშნული ექსპერტიზის დასკვნაში გიორგი ჩადუნელი მიუთითებდა, რომ „სან პეტრლიუმ ჯორჯია“-მ სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა და შესაბამისად, მან, როგორც ექსპერტმა ვერ განსაზღვრა ქონების ღირებულება, თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიებისგან უხვად მოიპოვა „სენტა“-სა და „ბემონი“-სგან მიწოდებული საჭირო დოკუმენტაცია, დასკვნის გაცემაც აღარ „გაჭირვებია“.

25 აგვისტოს, გამოძიების მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე, 29 თებერვალს გიორგი ჩადუნელმა დასკვნა გასცა და შემდეგ, 17 დღეში, 17 მარტს, „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-ს მიერ ივლისში დაკვეთილი ექსპერტიზის დასკვნის გაცემაც არ დააყოვნა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩადუნელის მიერ გაცემული ორივე დასკვნა სამოქალაქო საქმეში, როგორც მტკიცებულებები დღეს უკვე გამოკვლეულია. 2016 წლის 8 აგვისტოს გიორგი ჩადუნელი დაიკითხა სამოქალაქო საქმეზე.

მან განაცხადა: „ჩვენს წინაშე იდგა ამოცანა შეგვეფასებინა უძრავ-მოძრავი ქონება და არა ბიზნესი, ხაზგასმით ვამბობ, ქონება და არა ბიზნესი“. სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩადუნელი ჯიუტად ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა შეკითხვა ბიზნესის შეფასების თაობაზე, თუმცა ფაქტია, რომ 2016 წლის 29 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაში თეთრზე შავით წერია გამოძიების მიერ დასმული შეკითხვები, მათ შორის ბიზნესის შეფასებსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გიორგი ჩადუნელმა 2015 წლის 9 ნოემბერს წერილით #5005787415 მიმართა გამოძიებას დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდების თაობაზე და მოითხოვა გამოძიებას დაეზუსტებინა ექსპერტიზისთვის კონკრეტული საკითხი: „გთხოვთ, დაგვიზუსტოთ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხი: კერძოდ, რა თანხას შეადგენს შპს „ბემონის“ და შპს „სენტა პეტროლიმის“, როგორც ბიზნეს საწარმოს, საბაზრო ღირებულება? გულისხმობს თუ არა ერთიანი ბიზნესის საბაზრო ღირებულების დადგენას, თუ ცალ-ცალკეკომპანიების საბაზრო ღირებულების დადგენას?“. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა თავადვე მიაღწია იმას, რომ მის მიერ გაცემული ორივე დასკვანა (29.02.16 და 17.03.16) ეჭვქვეშ დადგეს, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეში.“

მოსამართლე თეა ხამხაძისთვის, რომელსაც აგვისტოს თვეში ეწურება მოსამართლეობის ვადა და რომელიც კონკურსში ვერ გავიდა,  არც ეს აღმოჩნდა საინტერესო დეტალი.  მან ამ საქმეში იძულება ვერ დაინახა. მისი გადაწყვეტილებით დავით კეზერაშვილი კეთილსინდისიერი მყიდველი იყო.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ისინი მოსამართლის გადაწყვეტლებას სააპელაციო სასამარლოში გაასაჩივრებენ.

წყარო: http://www.ipress.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები