ზურაბ ტარყაშვილის დედა პრეზიდენტის სიძის დაკავებას წლებია ითხოვს – გოგოჭურმა ერთ-ერთმა პირველმა ესროლა ზუკას

2011 წელს, რუსთაველის გამზირზე მოკლული ზურა ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავებას უკვე წლებია ითხოვს.
ამის შესახებ სტატიას გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი გიორგი მარგველაშვილს შვილის სავარაუდო მკვლელის მფარველობაში ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე ადანაშაულებდა.
„უკვე წლებია ვითხოვ მინდია გოგოჭურის დაკავებას, მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიე. გოგოჭურმა ერთ-ერთმა პირველმა ესროლა ზუკას და ეს ვიდეოკადრებშიც ჩანს. ეს კადრები წარვუდგინეთ პროკურატურას, თუმცა რეაგირება არ ყოფილა… გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ვერ მივაღწიე, რომ მისთვის ბრალი წაეყენებინათ და პასუხი ეგო ჩემი შვილის სადისტური მკვლელობისთვის. როგორც ჩანს, მას ძველი მთავრობაც მფარველობდა და ახალიც. პრეზიდენტი ხელს აფარებს მაშოს მეუღლეს, მინდია გოგოჭურს.
გამოძიება არ დავობს, რომ ამ საქმეში მონაწილეობდნენ სხვა პირებიც, მათ შორის გოგოჭურიც, მაგრამ პროკურატურა ჯერ ისევ დუმს. არიან მოწმეებიც, მაგრამ ჩვენების მიცემის ეშინიათ, რადგან მკვლელები გარეთ არიან. ჩემი შვილი წამებით მოკლეს და არ გავჩუმდები, ვიდრე ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს ამ სისასტიკისთვის“,-ჰყვება თამილა კოჭლამაზაშვილი.
გამოცემა მინდია გოგოჭურის კრიმინალურ ცხოვრებაზეც წერს.
როგორც “კვირის პალიტრისთვის” გახდა ცნობილი, პრეზიდენტის სიძე რამდენიმე კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. კერძოდ, რამდენიმე წლის წინ, გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.
როგორც გაირკვა, ცხრა ძმის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ხელაშვილი მძიმედ დაჭრეს. იმავე დღეს ეჭვმიტანილის სახით მინდია გოგოჭური დააკავეს. გოგოჭურს თავადაც აღენიშნებოდა დაზიანებები და იმ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილი ხელაშვილი გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა გოგოჭური სწორედ საავადმყოფოში დააკავეს. ის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა. თუმცა, გოგოჭურმა საავადმყოფოდან გაპარვა მოახერხა და მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები