თენგიზ შარმანაშვილი რეზოლუციებზე: საქართველოს მოსახლეობისთვის ნათელია რისთვის კეთდება ეს ყველაფერი
“ჩვენთვის თანამშრომლობას მაშინ აქვს აზრი, თუ ის გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ნათელია რისთვის ხდება მსგავსი რეზოლუციების მიღება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი ჩაიქნიოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე.
„ჩვენთვის თანამშრომლობას მაშინ აქვს აზრი, თუ ის გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. სხვა დანარჩენი ორგანიზაციები, რომლებიც გამოიყენა „დიფ სტეიტმა“, გამოიყენა ამ რადიკალურმა ლიბერალურმა მიმდინარეობამ საქართველოს წინააღმდეგ, ამ საქმიანობას დიდი ხანია ეწევიან და ძალიან წარმატებულად ამ საქმეს ვერ აკეთებენ, ყველანი კარგად ვხედავთ. ამდენი რეზოლუცია მიიღო თუნდაც ევროპარლამენტმა, იღებს ასეთ რეზოლუციებს და გადაწყვეტილებებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აქ ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომ აზრიც კი დაკარგა ჩვენმა თანამშრომლობამ და გავერიდეთ თანამშრომლობას გარკვეულ ეტაპზე. ვთქვით, რომ სანამ ეს ორგანიზაცია არ მოუბრუნდება იმ რეჟიმს, რომ ჩვენი საკითხები სამართლიანად იყოს განხილული და დიალოგი მიმდინარეობდეს არა ზეწოლის ფორმით, არა ბულინგის ფორმით, არამედ, ჩვეულებრივ თანამშრომლობის ფორმით, მანამდე არ ვითანამშრომლებთ ამ ნაწილში ევროპის საბჭოსთან. ასე, რომ რაც უნდა მექანიზმები ჩართონ ამ ორგანიზაციებმა, ერთი ორგანიზაციით მეტი იქნება თუ ნაკლები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის, ყველასთვის, პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობისთვის ნათელია რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი ჩაიქნიოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე და მათი ინტერესების დაცვა წამოწიოს წინ ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. ამას ვერ გაგვაკეთებინებენ და ამაში დარწმუნდებიან კიდევ მომავალში. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.