ზურაბ ქადაგიძე: ნიკა გვარამია არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტრაგედიის მონეტიზაცია განახორციელა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას განცხადებაზე, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან.“

დეპუტატი გვარამიას ნათქვამს მონის რეცეპტს უწოდებს და მის საქციელს საქართველოს ტრაგედიის მონეტიზაციას უწოდებს.

„ნიკა გვარამიას ეს ნათქვამი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც მონის რეცეპტი. ის არ ახსენებს უკრაინის ტრაგედიას და გენოციდს. სიდიდით და ბუნებრივი რესურსებით ევროპაში პირველი ქვეყანა დღეს დოტაციაზეა და გვარამია ამბობს, რომ როდესღაც დასრულდება ომი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ფულთან, რომელსაც მიიღებს უკრაინა. მის ნათქვამზე მიჩნდება 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედიის ასოციაცია. ყველას გვახსოვს 4 მილიარდის თემა. დამარცხება გამარჯვებად შემოგვასაღეს და საუბრობდნენ, რომ თურმე რუსეთს ნიღაბი ჩამოხსნეს და ეს 4 მილიარდი იყო შვება. ნიკა გვარამია არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, რომელმაც საქართველოს ტრაგედიის მონეტიზაცია განახორციელა.

დიახ, ჩვენც რომ დაგვეწყო ომი და განადგურებულიყო ქვეყანა, ისეთი ადამიანები, როგორიც გვარამიაა, რომელსაც საკუთარი ოჯახი გახიზნული ჰყავს საზღვარგარეთ, ჩამოვიდოდა, დაწერდა კარგ პროექტს, მიიღებდა გრანტს და გვეტყოდა რა მაგარია გლობალურ პოლიტკონიუნქტურას რომ აჰყვა საქართველო, რუსეთის სახე დაანახა მსოფლიოს და ახლა კი აღვადგენთ საქართველოს. ნებისმიერი ინფრასტრუქტურა და ა.შ. წყალსაც წაუღია თუ იმ ქვეყნის მოსახლეობა აღარ იქნება. საქართველო არ არის შენობა, გზა და ხიდი. საქართველო არის ქართველი ხალხის სამშობლო.

ნიკა გვარამია ხელისუფლებას ამუნათებს იმის გამო, რომ ქვეყანა არ ჩაერთო ამ საშინელ გეოპოლიტიკურ კატასტროფაში; არ დადგა მხარედ, რომელსაც პოტენციურად ექნებოდა საშუალება, ომის და ქვეყნის განადგურების შემდეგ ეწარმოებინა ხარჯთაღრიცხვა, შეეფასებინა, თუ რა დაჯდა ერთი სიცოცხლე, ხიდი და ა.შ. სტალინმა მეტი კი არაფერი თქვა – „ერთი ადამიანის სიცოცხლე ტრაგედიაა, ათასების – სტატისტიკა“. ამასვე ამბობს გვარამია. ამ სტატისტიკით უნდა მიგვეღო თურმე, ჩვენც დაფინანსება“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები