“სებ-ის ახალ ციფრულ პლატფორმაზე მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე რამდენიმე ტიპის კალკულატორია ჩაშენებული” – ნატალია ჭყოიძე
სებ-ის ახალ ციფრულ პლატფორმაზე საქართველოს სპეციფიკიდან და მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე რამდენიმე ტიპის კალკულატორია ჩაშენებული, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმის შექმნით ეროვნულმა ბანკმა ევროდირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა შეასრულა.
“ამ პლატფორმაზე გარდა ტარიფების შედარების საშუალებისა, ჩაშენებულია რამდენიმე ტიპის კალკულატორი, რომელთაც რამდენიმე ტიპის დანიშნულება აქვთ. მაგალითად, გვაქვს ვალუტის გაცვლითი კურსების კალკულატორი და მომხმარებელს შეუძლია შეიყვანოს მისთვის სასურველი ვალუტა, რომლის შეძენაც მას სურს და აირჩიოს რამდენიმე კომერციული ბანკი. შემდეგ კი ეკრანზე გამოვა შედეგი ამ კომერციული ბანკების ჭრილში მას რა თანხა დასჭირდება არჩეული ვალუტის შესაძენად. თუ საბანკო სექტორში რომელიმე ბანკს აქვს უკეთესი პირობა – ეს ინფორმაციაც მოცემული იქნება სხვა ფერად და მომხმარებელს შეუძლია ნახოს ინფორმაცია, რომ სხვა ბანკი უკეთეს პირობებს სთავაზობს.
ამასთან, ბარათი საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი საგადახდო ინსტრუმენტია და თავისთავად ბარათის კალკულატორი შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთ ინოვაციურ კომპონენტად. როდესაც უცხოეთში მივემგზავრებით – ხანდახან ჩვენთვის უცნობია რომელი ვალუტის აკუმულირება ჯობია ჩვენს ბარათზე და ეს კალკულატორი მოგვცემს ინფორმაციას ამათუ იმ ქვეყანაში გამგზავრებისას რომელი ვალუტა ჯობია.
ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა ჩვენი პლატფორმის კონცეფცია. განსხვავება არის ის, რომ ჩვენ უფრო მეტი კალკულატორი დავამატეთ – ზუსტად საქართველოს სპეციფიკიდან და მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე. ანუ ჩვენი პლატფორმა საქართველოს მოქალაქეებზე არის მორგებული. შესაბამისად, ამ პლატფორმის დანერგვით ჩვენც შევასრულეთ ევროდირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა შევასრულეთ”, – აცხადებს ნატალია ჭყოიძე.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა 16 ივლისს აამოქმედა.