არჩილ კაიკაციშვილი: გიორგი პაპუაშვილის განცხადება ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას ემსახურება

გიორგი პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ მხარედ აქცია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსამართლეების ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადება
ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას ემსახურება.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის თაობაზე გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებები, ქვეყანაში დაესტაბილიზაციის შექმნისა და გამოწვევის მიზნებს ემსახურება. სასამართლო სტრუქტურა გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისა თუ აქტივისტების დასაქმების ადგილად, რასაც არცერთი მოსამართლე არ ემიჯნება,“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, დროა, საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი პასუხი გასცეს უცხო ქვეყნის მოქალაქის, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის საშინაო საქმეებში მონაწილეობას და აღნიშნულ გავლენებს მთავრობამ მკაფიო პოზიციით უპასუხოს.
„დღეს საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია. გიორგი პაპუაშვილი კანონს და სამართალს რომ არ უდგას დარაჯად, ეს უკვე არაერთხელ გამოვლინდა. ქართული კონსტიტუციისა და სამართლის „ქურუმი“ დღემდე მოქალაქე როლანდ ბლადაძის უკანონოდ წართმეულ ბინაში ცხოვრობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ერთგული სამსახურის პირობით, 1000 ლარად აჩუქა. გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისა და, საერთოდ, იურისტისთვის აბსოლუტურად უზნეო და არაეთიკური განცხადება გააკეთა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულებების, სამხილებისა და ფაქტების გარეშე ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ზეწოლასა და თვალთვალზე, ფარულ მოსმენებზე. სამარცხვინოა ის მოსამართლე, რომელსაც საკუთარი უფლებების სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით დაცვა არ შეუძლია და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ადვოკატობას საჭიროებს“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები