რევაზ სოხაძე: ჩვენთვის მთავარია ხარისხი და არ ჩავიბარებთ არცერთ უხარისხო პროექტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს გუნდთან და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები განხილვისას, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხარჯეფექტიანობისა და მაღალი ხარისხის მნიშვნელობას, რაც მთავრობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან, რეგულარულად ტარდება შეხვედრები, სადაც მხარეები აზრებსა და პრობლემურ საკითხებს ცვლიან.

„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ბიზნესის ნებისმიერ გონივრულ წინადადებასთან. ძლიერი ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის საფუძველია და ასევე აუცილებელია, რომ საქართველოში არსებობდეს ისეთი კომპანიები, რომლებიც ხარისხიანად შეასრულებენ ჩვენს დაკვეთებს. ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ხარისხი და არ ჩავიბარებთ არცერთ უხარისხო პროექტს. მინდა ეს გაითვალისწინოს ბიზნესმა. ჩვენ კი, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს კომპანიების კიდევ უფრო გაძლიერებას, ზრდას და ამისთვის ყველა შესაბამის ნაბიჯს გადავდგამთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად შეხვედრაზე ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა, რის გამოც აუცილებელია გადასვლა ახალ სტანდარტებსა და მიდგომებზე.

საუბარი შეეხო ავანსების მოცულობის კანონმდებლობით დარეგულირებას და ტენდერებში ბიზნესისთვის უფრო ფართო შესაძლებლობების შექმნას. აღინიშნა, რომ მიდგომები იქნება სამართლიანი, ბიუროკრატიული პროცედურები – მოქნილი, რათა არ შეფერხდება სამუშაოების შესრულების პროცესი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მოისმინეს კერძო სექტორის მოსაზრებები და გამოთქვეს მზადყოფნა დიალოგის გაგრძელებისთვის.

შეხვედრას სამშენებლო კომპანიების დაახლოებით 150 წარმომადგენელი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები