„მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ იგივე გააკეთოს“ – რუბიო განმარტავს, თუ რატომ მოითხოვს ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ ევროპის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ, რასაც თავად თეთრი სახლისგან ელიან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, ჟურნალისტმა ჯილიან ტერნერმა რუბიოს ჰკითხა, კიდევ რამდენ დროს მისცემდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს რუსეთის წინააღმდეგ რეალური სანქციების დაწესებამდე.

„ჩვენ სრულად გვესმის, რა სანქციები გვაქვს განკარგულებაში და შესაძლოა, გარკვეულ მომენტში პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ის ხელოვნურად არ გამოაცხადებს ვადებს. თუმცა, მან ასევე მიანიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც იგივე გააკეთოს. ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც ყიდულობენ რუსულ პროდუქტს, განსაკუთრებით რუსულ ნავთობს. პრეზიდენტმა მოუწოდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, დააწესონ ის სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ. ასე რომ, თუ ისინი ღრმად არიან ერთგულნი ამ იდეის, მათ უნდა მიიღონ ზომები – ჩვენ გვინდა წავახალისოთ ისინი, გააკეთონ ის, რასაც ჩვენგან ითხოვენ“, – განმარტა რუბიომ.

13 სექტემბერს თეთრი სახლის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ შოკისმომგვრელად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი კვლავ ყიდულობს რუსულ ნავთობს.

„ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს თქვენს მოლაპარაკების პოზიციას და რუსეთთან მოლაპარაკების ძალას. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მზად ვარ ვიმოქმედო, როდესაც თქვენ მზად იქნებით. უბრალოდ მითხარით როდის?“ – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები