მიუნხენში მცხოვრები ქართველი: ქალაქში პანიკაა, მოქალაქეებს ჩვეული სიმშვიდით ცხოვრების საშუალება აღარ აქვთ

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ქალაქში პანიკაა.  როგორც „კვირასთან“ საუბრისას მიუნხენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, თეა ჯინაშვილი აცხადებს,  ქალაქში მასობრივი პანიკური განწყობა მომხდარიდან მეორე დღეს უფრო მძაფრად იგრძნობა.
მისი თქმით, დასვენების დღეებში ხალხი ტრადიციულად „შოპინგით“ არის დაკავებული და სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან რიგები დგას, თუმცა ჯინაშვილი ამბობს, რომ დღეს აღნიშნული ტერიტორია ადამიანებისგან სრულად დაცლილია.
„მე თვითონაც დღეს ამ სავაჭრო ცენტრში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ შიშის გამო ქუჩაში არ გავსულვარ. პანიკური განწყობა თითქმის საყოველთაო მას შემდეგ გახდა, რაც მომხდარიდან რამდენიმე საათში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მორიგი თავდასხმა სწორედ ამ სავაჭრო ცენტრში იყო დაგეგმილი. სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე პოლიცია რამდენიმე წუთში ადგილზე იყო, თუმცა მოგვიანებით ეს ცრუ განგაში აღმოჩნდა“,- განაცხადა „კვირასთან“ საუბარში თეა ჯინაშვილმა.
მისივე თქმით, მომხდარდთან დაკავშირებით არაერთი ინტერპრეტაცია ვრცელდება, მაგრამ სინამდვილეში თავდასხმის მოტივაცია და დანაშაულის ხასიათი საბოლოოდ გარკვეული არ არის. დანაშაულის ჩამდენ 18 წლის ახალგაზრდას მიუნხენში „ამოკლაუფერ“-ად მოიხსენიებენ, პოლიციის პრეზიდენტმა კი ბოლო ინფორმაციით, განაცხადა, რომ ჩატარებული მოკვლევის შედეგად მისი ფსიქიკურად არაჯანსაღი მდგომარეობა იკვეთება. მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია მასალები, სადაც ასახულია მკვლელობების ისეთი ისტორიები, სადაც მასობრივ დანაშაულს ერთი ადამიანი სჩადის.
„რომ არა, პოლიციის სწრაფი და მობილიზებული სპეცოპერაცია, არ არის გამორიცხული რომ მომხდარი უფრო მასშტაბური და განმეორებითი ყოფილიყო. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მკვლელი ინციდენტის ადგილიდან მყისიერად გაიქცა და დაკავების საფრთხე რომ არ ეგრძნო, შესაძლოა თავი არ მოეკლა. ასეთი ვერსიის საფუძველს იძლევა ის, რომ მკვლელმა სუიციდს დანაშაულის ჩადენიდან ორი საათის შემდეგ მიმართა. მიუნხენის საზოგადოებრივი აზრი და ხელისუფლების დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ გერმანელ ახალგაზრდას ისლამურ ტერორისტულ დაჯგუფებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მისი მოქმედება უფრო ფსიქიკური აშლილობისა და რასისტული განწყობის ნიშნებს შეიცავს,“-განაცხადა თეა ჯინაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებაში ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდა აზრი, რომ მიუნხენი დაცული ქალაქი აღარ არის, მოქალაქეებს ჩვეული სიმშვიდით ცხოვრების საშუალება აღარ ექნებათ.
როგორც ცნობილია, გუშინ მომხდარ მიუნხენის თავდასხმას მკვლელის ჩათვლით ათი ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაიჭრა. მიუნხენში გამვლელებს ცეცხლი გერმანიის მოქალაქემ, წარმოშობით ირანელმა 18 წლის ალი სონბოლიმ გაუხსნა. მისი გვამი მიუნხენის “ოლიმპიის” სავაჭრო ცენტრიდან ერთ კილომეტრში ნახეს.
მიუნხენის პოლიციის უფროსმა, ჰუბერტუს ანდრეამ 23 ივლისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დამნაშავეს არ ჰქონია არავითარი კავშირი გერმანიაში ლტოლვილების ტალღის ზრდასთან. ის გატაცებული იყო დიდი ჯგუფების მკვლელობის შესახებ ლიტერატურით. მიუნხენის პროკურორის, შტაინკრაუს კოხის თქმით, მის ბინაში ნახეს წიგნი სახელწოდებით, „მრისხანება თავში: რატომ კლავენ მოსწავლეები“. მიუნხენის ინციდენტი მოხდა ნორვეგიის მკვლელობის ზუსტად ხუთი წლის თავზე. მაშინ, ანდერს ბრეივიკმა, რომელიც სასჯელს იხდის, 77 ადამიანი მოკლა. მიუნხენის თავდასხმა ბოლო რვა დღეში, მესამე მასობრივი თავდასხმა იყო.

ხათუნა ხატიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები