კობა ნარჩემაშვილი: ინტერპოლიდან მოხსნა არ ნიშნავს, რომ პიროვნებას ბრალდებებიც ავტომატურად მოეხსნება

ამის შესახებ შსს ყოფილმა მინისტრმა, დეპუტატობის მაჟორიტარმა კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც იგორ გიორგაძისა და თემურ ბასილიას წითელი ცირკულარიდან მოხსნისა და შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნის აღდგენის მოთხოვნას ეხება.
„წითელი ცირკულარით ძებნიდან მოხსნის თაობაზე დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ წითელი ცირკულარის ძებნის გამოცხადებას ყოველთვის საფუძვლად უდევს ინიციატორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურებისა და ადგილობრივი ინტერპოლის ინიციატივა, რომელიც გამყარებულია შესაბამისი დოკუმენტაციით. ამას აქვს სტანდარტული პროცედურა. დარწმუნებული ვარ, თავის დროზე იგორ გიორგაძის და თემურ ბასილიას ძებნა ასე დაწყებული იქნებოდა. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მოხდეს ინიციატორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურებისა და ინტერპოლის ადგილობრივი ბიუროების გარეშე წითელი ცირკულირადიან ძებნილი პირის ამოღება. არ მაქვს შესაბამისი ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თვალსაზრისით არ არის წამყვანი უწყება. მასში ჩარეული უნდა იყოს მთავარი პროკურატურა და ინტერპოლის ადგილობრივი რგოლი“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
რაც ეხება იგორ გიორგაძის სურვილს, საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობას, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, თუ დანაშაულს, რომლისთვისაც პიროვნება წითელი ცირკულარით იძებნება, სისხლის სამართლის ხანდაზმულობის ვადა არა აქვს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა არა აქვს ძებნასაც, ვიდრე არ იქნება ინიციატივა იმავე ქვეყნიდან, რომელმაც წამოჭრა საკითხი ძებნის შესახებ.
„ეს იქნება დამოკიდებული იმ სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც უნდა გატარდეს საქმესთან დაკავშირებით. ინტერპოლიდან მოხსნა არ ნიშნავს, რომ პიროვნებას ბრალდებებიც ავტომატურად მოეხსნება“, – განაცხადა მან.
კობა ნარჩემაშვილის აზრით, იგორ გიორგაძის საკითხთან დაკავშირებით არის საეჭვო გარემოება. კერძოდ, 2004 – 2005 წლებში, საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მიერ ინიცირებული იქნა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილება, რომლის მიხედვით შესაძლებელი იყო პირის დაუსწრებლად გასამართლება და მისთვის მსჯავრის დადება.
„აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ არ იქნა იმ პერიოდში, როცა კანონი ამის საშუალებას იძლეოდა, დაუსწრებლად გასამართლებულიყო და მსჯავრი დადებოდა. როგორც მახსოვს, 2009 წელს იყო რაღაც სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის ბრალდებით, რომლის მთავარ ფიგურანტად მაშინაც იგორ გიორგაძეს ასახელებდნენ. თუ ასე იყო, აქვს თუ არა მას ამ საქმეში ბრალდება? როგორც ვიცი, არც ამ საქმეზე და არც 90-იანი წლების საქმეზე, მისთვის განაჩენი არავის გამოუტანია,“- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები