რა ჩვენება მისცა მაია ნიკოლეიშვილმა გამოძიებას სულხან მოლაშვილის წამების საქმეზე – „ვფიქრობ, წამალდამოკიდებული გახადეს“

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი წამების საქმეზე გამოძიება საკმაოდ სწრაფი ტემპით გაგარძელდა.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, საქმეზე პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დაჰკითხა,რომელმაც მოლაშვილის სხეულზე დაზიანებები შეისწავლა და საკმაოდ სკანდალური დასკვნა დადო.
რა ჩვენება მისცა საგამოძიებო ორგანოს ექსპერტმა, ამის გასარკვევად მაია ნიკოლაიშვილს „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა:
„გამომძიებელმა მთხოვა, აღმედგინა, როგორ შევედი სულხან მოლაშვილთან საკანში და როგორ ჩავატარე ექსპერტიზა. განვუმარტე, რომ ნანა კაკაბაძის ძალისხმევით მოხდა ჩემი ციხეზე შესვლა. ჩართული იყო მათიას იორშიც, 2004 წლის 9 ივლისს შევედი და ვნახე ის დაზიანებები, რომელიც სულხანს ჰქონდა მიყენებული.
„ნაციონალები“ რასაც ამბობენ ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეს არის ავადმყოფური ბოდვა, რომელიც ექიმის ჩარევას საჭიროებს. მე არ ვარ მაგ დარგის სპეციალისტი. დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი დაზიანებები ზურგზე და ქვედა კიდურებზე. კერძოდ, ზურგზე აღენიშნებოდა მრავლობითი ფორმის, ჩაღრმავებული დაზიანებები. სულხანმა თავად განმარტა, რომ ეს იყო სიგარეტით მიყენებული დაზიანებები, კვლევამაც დაადასტურა, რომ შესაძლოა, ეს, მართლაც, ყოფილიყო სიგარეტის ნამწვით მიყენებული.
თერმული ზემოქმედების კვალი ცალსახად იყო. მაშინდელ გამოძიებას შეეძლო, ექსპერტიზა ჩაეტარებინა და დაედგინა თვითდაზიანების მოქმედების არეალში ზურგზე რამდენად შესაძლებელი იყო ასეთი დაზიანებების მიყენება. მათ ჩაატარეს სახელწმიფო ექსპერტიზა, რომელმაც ეს დაზიანებები დაადასტურა, თუმცა შემდეგ შეთხზეს ისტორია, თითქოს ეს დაზიანებები მოლაშვილმა თანასაკნელებს მიაყენებინა, ვინაიდან თავადვე მიხვდნენ, რომ ზურგის ამ მონაკვეთში თვითდაზიანებას ვერაფრით ვერ მიიყენებდა.
„ნაციონალები“ მსგავსი აბსურდებით მაშინ თავს იცავდნენ, მაგრამ დღესაც რომ იგივეს იმეორებენ, ეს უკვე ბოდვის სფეროა.
მე დეტალურად მაქვს აღწერილი მისი მონაყოლი და ეს დასკვნის სუბიექტურ ნაწილშიც დევს. ის ამბობდა, რომ გამოიყვანეს საკნიდან და გადაიყვანეს ქალაქის სამმართველოს შენობაში, თვალებახვეული შეიყვანეს ლიფტში,სავარაუდოდ, ზევით ავიდნენ და ერთ-ერთ კაბინეტში შეიყვანეს. ადამიანები იქ მისგან ითხოვდნენ კონკრეტული დანაშაულის აღიარებას. მან ამოიცნო რამდენიმე ხმა. ერთ-ერთ პირზე ცალსახად მიუთითებდა, რომ ეს იყო გიგა ბოკერია.
მას, გარდა ფიზიკური ზემოქმედებისა, გამოვლილი ჰქონდა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური წამება. საოცრად დათრგუნული იყო. ბოლომდე ყველაფრის თქმის ეშინოდა კიდეც. ბევრი რამის გახსენება არ სურდა. C ჰეპატიტით ის ციხეში დაავადდა და მისმა გართულებამ გამოიწვია ფატალური შედეგი.
ვფიქრობ, ის ნამდვილად გახადეს წამალდამოკიდებული, როდესაც ციხის საავადმყოფოში შევდიოდი სხვა პატიმრებთან, მქონდა მასთან საუბრის შესაძლებლობაც. ვხდებოდი, რომ მას ძლიერმოქმედ პრეპარატებს უკეთებდნენ. მისი ქცევა სწორედ ამაზე მიანიშნებდა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა,რომ მას C ჰეპატიტი სახელმწიფო დაწესებულებაში დაემართა, რაც პირდაპირ კავშირშია მის გარდაცვალებასთან“,-განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
გამოცემა სულხან მოლაშვილის წამების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ყოფილ პროკურორს, ვალერი გრიგალაშვილსაც დაუკავშირდა. მან ინტერვიუზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ პატიმრობის დროს მოლაშვილი არავის უწამებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები