ჩინეთში მეწყერმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ჩამოანგრია – მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, ჩუნცინის მუნიციპალიტეტში, მდინარე უიძიანგის სანაპიროსთან ძლიერი მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნანგრევებში ადამიანების უცნობი რაოდენობაა მოყოლილი. შემთხვევამდე ტერიტორიიდან ათეულობით მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა მეწყერი სწორედ ევაკუაციის პროცესში ჩამოწვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი მაშველი, ხოლო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში დამატებით 206 მეხანძრე-მაშველიც მონაწილეობს. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.
ოფიციალური ინფორმაციით, ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა უკვე მოხერხდა, თუმცა ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საფრთხის ზონაში გადაადგილებისგან, რადგან ძლიერი წვიმების გამო რეგიონში მეწყრების რისკი კვლავ მაღალი რჩება.
