როგორ უშვებენ მოტყუებით ბორდელებში თურქეთში სამუშაოდ წასულ ქალებს?!

„როგორ უშვებენ მოტყუებით ბორდელებში თურქეთში სამუშაოდ წასულ ქალებს“?! – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთი ქალბატონი ე.წ. დამსაქმებელ მზია ჩაჩუას ტრეფიკინგში ადანაშაულებს.
„აქედან ფირმამ გაგვაგზავნა, რა თქმა უნდა, სრული გარანტიით, რომ იქ დაგვხვდებოდა პიროვნება, რომელიც პირდაპირ დაგვასაქმებდა ოჯახში ან ჩვენთვის მისაღებ სამუშაოზე. ჩვენს ბედად, მგზავრობისას წამოგვცდა, ვინ იქნებოდა ჩვენი დამსაქმებელი, ვინმე მზია ჩაჩუა, სტამბოლის მოქალაქე, სწორედ გზაში გავიგეთ, რომ ეს ქალი არ იყო სანდო და ის ნადირობდა ახალგაზრდა ქალებზე. ამის შესახებ დაახლოებით ორი წლის წინათ სატელევიზიო სიუჟეტიც გასულა და მთელი ამბები.
როგორც კი სტამბოლში ჩავედით, იქ დაგვხვდა ეს მზია და ვინმე ჟანა, პირდაპირ ჩვენთან მოვიდნენ და ცდილობდნენ ჩვენს დამარტოხელებას. მართლაც, ეჭვი შეგვეპარა. მას სასწრაფოდ სურდა ჩვენი გემზე დასმა, ყური მოვკარით, რომ ეს გემი ბულგარეთში მიემგზავრებოდა. რომ ვკითხე, სად მიგყავართ-მეთქი, გვიპასუხა, კუნძულია აქვე, კონკრეტულად „ჩანაკალა“, იქ გიშვებთ. თუ არ მოგეწონებათ სამუშაო, მალევე უკან დაგაბრუნებთო. ამ დროს შემოგვეხვივნენ უცხო ადამიანები, ქართველები, აუტეხეს ყვირილი, სად მიგყავს გოგოები,თავი დაანებე ამათო.მოკლედ, რომ იტყვიან, ხელიდან ძლივს გამოგლიჯეს ჩვენი თავები. მერე სასწრაფოდ დავუკავშირდით ჩვენი დაქალის ნათესავს, რომელიც სტამბოლში ცხოვრობს და იმან შეგვიფარა, ახლა ჩვენი ძალებით ვეძებთ შესაფერის სამსახურს“,- აცხადებს ერთ-ერთი ქალბატონი.
სააგენტო, რომელმაც გოგონები თურქეთში გააგზავნა, არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მზია ჩაჩუა და ვინმე ჟანა თურქეთში ჩასულ ქართველ გოგონებს სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის.
“დაახლოებით 2 წელია მზიასთნ ვთანამშრომლობთ და მსგავსი არაფერი გვსმენია და არც არავის მოუმართავს პრეტენზიით. თუ ეს ფაქტები დადასტურდება, ამ ადამიანთან შევწყვეტთ თანამშრომლობას. მზია ჩაჩუასთან, ჩვენ გარდა, სხვა ბევრი სააგენტოც თანამშრომლობს. არ ვიცი, თქვენ თუ ამ დღეებში მომხდარზე გაიგეთ, ის ქალბატონები ჩვენ აქედანვე დავაკავშირეთ მზია ჩაჩუას, სკაიპითაც ისაუბრეს. რაც მათ ააგორეს, მათი მხრიდან პროვოკაციაა“,-აცხადებენ სააგენტოში.
ერთ-ერთი ქართველი ქალბატონი, რომელიც ამჟამად სტამბოლში ოჯახში მუშაობს, მზიასა და ჟანას შესახებ ყვება.
მისი თქმით, სავარაუდოდ, მათ იციან, რომელ რეისზე მიემგზავრებიან გამოუცდელი მოქალაქეები.
“საქართველოდან აქვთ ინფორმაცია. თუ ახალგაზრდა ლამაზია, ხომ საერთოდ ნადირობენ. ცოტა ვულგარულებს არჩევენ. ჟანა არის ერთი ამაზრზენი დამსაქმებელი ქალი, აქ იყო აქსარაიაში, სადაც ჩამოდიან საქართველოდან ავტობუსები და ჟანაც 24 საათის განმავლობაში აქ არის. ვიღაცა თურქი უფროსი უმაგრებს ზურგს. ვისთანაც არ გასდის, ოჯახებსა და ფაბრიკებში ასაქმებს,ხოლო ვისთანაც გასდის, ბორდელებში ან კონკრეტულ თურქ მამაკაცებზე. დაახლოებით 2 წლის წინათ დააპატიმრეს და დეპორტით გამოუშვეს საქართველოში, მერე ისევ ჩამოვიდა. რაც შეეხება მზია ჩაჩუას, ქმარი ჰყავს თურქი და ერთად მოქმედებენ. სწორედ ის მფარველობს. ჩაჩუასთან და ჟანასთან ერთად საქმეში ჩართულია ქართველი მამაკაცი, სახელად კაკო“,-აცხადებს ქალბატონი.
“ალიასთან“ საუბარში, სტამბოლში ოჯახში მომვლელად მომუშავე ქალბატონი, სახელად ლელა ამბობს, საქართველოდან თურქეთში ჩასული უამრავი მანდილოსანი ეწევა პროსტიტუციას.
მისი თქმით, ეს არავისთვის არ არის უცხო.
“აქსარაია რომ ჰქვია, იმ უბანში ირევიან ხოლმე და ყოვლად სამარცხვინოდ, დაუფარავად ვაჭრობენ სხეულით. აქ არიან უკრაინიდან, რუსეთიდან და საქართველოდან ჩამოსული ქალები. ტყუილია, რომ ამბობენ, თითქოს, თურქეთში ვინმე ძალით რამეს გაკადრებს, პირიქით, თურქი უფრო დაგიცავს ,ვიდრე ბევრი ქართველი“,-აცხადებს ქალბატონი.
წყარო: „ალია“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები