ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ წელს მეორედ ტარდება

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ წელს მეორედ ტარდება. ორგანიზატორებს სურთ, რომ კონკურსის დაჯილდოება კვლავ „თბილისობის“ დღესასწაულზე გაიმართოს და ეს ტრადიციად იქცეს. კონკურსის დეტალებზე „კვირა“საორგანიზაციო ჯგუფის წევრს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსს, ზურაბ მჭედლიშვილს ესაუბრა:

– პროექტის მიზანი…
– 2015 წლის დასაწყისში, ქალაქ თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ დაარსდა. კონკურსის ინიციატორებისა და ორგანიზაორების მიზანია, ხელი შევუწყოთ ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრობის, არქიტექტურისა და ხელოვნების სხვა დარგებში მოღვაწე ხელოვანების შემოქმედებით აქტივობას. ეს საუკეთესო გზაა, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სახელოვნებო დარგებში მოღვაწე ადამიანების პროფესიულ ზრდას, ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. ჩვენი მიზანია საქართველოში ხელოვნებისა და კულტურის ხელშეწყობა და, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ სწორი გზა იქნა შერჩეული.
– კონკურსი „თბილისი“ მე-2 წელია იმართება, რა სიახლეებია 2016 წელს…
– გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, 2016 წლის მიმდინარე ეტაპზე კონკურსს მეტი რეზონანსი აქვს. ამ დროისათვის უკევ გამოგვეხმაურა გასული წლის პარტნიორთა უმეტესობა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწორედ კონკურსის მხარდამჭერებს, სპონსორებს და პარტნიორებს. მათი დახმარებოთ წელს ვგეგმავთ ბევრ საინტერესო სიახლეს. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგალითად, მედია პალიტრასთან და მის წარმომადგენელთან, ქალბატონ მარიკა დარჩიასთან, რომელმაც ბევრი საინტერესო იდეა მოგვაწოდა და იმედია, წელს ბევრი ნომინანტისათვის ეს სიურპრიზი და სასიამოვნო სიახლე იქნება.
– რამდენად არის დაინტერესება ხელოვანების მხრიდან?13521771_1330269460334992_96013955_n
– არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ წელს ინტერესი ნამდვილად უფრო დიდია. სწორედ ამიტომ აქტიურად ვხვდებით სხვადასხვა სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ფორმა, რომელიც წელს საორგანიზაციო ჯგუფმა აირჩია სწორია. ყველა ნომინაციის მიხედვით დავგეგმეთ დარგობრივი შეხვედრები. უკვე შევხვდით ლიტერატორებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, არქიტექტორებს, ფოტოხელოვანებს და ასევე სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ესსეს ნომინაციის მიმართ გამოთქვეს დაინტერესება. ეს შეხვედრები გაგრძელდება 2016 წლის 30 ივლისამდე. პარალელურად უკვე დაწყებულია განაცხადების მიღება.
– ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
– კონკურსის ყველა ნომინაცია ღიაა ნებისმიერი მსურველისათვის. თუმცა არის ერთი, რომელშიც ასაკობრივი შეზღუდვაა – ესსე. ამ ნომინაციაში მონაწილებენ სასკოლო ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდები.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც ესადაგება ნომინაციებს, შეუძლია ნებისმიერ ხელოვანს, შემოიტანოს. ამდენად, კონკურსის მიმდინარეობისას განსაკუთრებით დიდი სამუშაო მოდის სწორედ ნომინანტებთან მუშაობაზე. მათ, როგორც წესი, აქვთ ტექნიკური ხასიათის შეკითხვები, რომელზეც საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ამომწურავ კონსულტაციას აძლევენ.
პრიზები…
– მოგეხსენებათ, გამარჯვებულებს გადაეცემათ კონკურსის პრიზი – სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის – ხოხბის გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი და ერთჯერადი ფულადი ჯილდო, 1500 ლარის ოდენობით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პრიზი – ხოხბის გამოსახულება ეკუთვნის ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, ბატონ გია ჯაფარიძეს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ასეთი დიდი ხელოვანის ნამუშევარი კონკურსს გადმოეცა საჩუქრად. ამასთან ერთად, გასულ წელს პარტნიორმა კომპანიებისაგან იყო ბევრი ფასიანი პრიზი და, ბუნებრივია, რომ წელსაც იქნება წამახალისებელი საჩუქრები. შევეცდებით, როგორც შარშან, წელსაც საინტერესო სიურპრიზები მოუმზადოთ კონკურსანტებს და გამარჯვებულებს.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები