ეროვნულ მუზეუმში კრასნოდარის მხარის ფოტოხელოვანთა გამოფენა გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში დღეს, კრასნოდარის მხარის ფოტოხელოვანთა გამოფენა გაიმართება, რომელიც ფოტოფესტივალის ,,ვივა ფოტო“ ათი წლის იუბილეს ეძღვნება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება კრასნოდარის მხარის ფოტოგრაფთა ნამუშევრები, რომლებიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.
გამოფენაში მონაწილეობს ფოტოგრაფთა სამი თაობა: ფოტოდოკუმენტალისტი ლევან მამულოვი, ფოტოჟურნალისტი ტატიანა ზუბკოვა და ქუჩის ფოტოგრაფიის კონცეპტუალისტი მაშა გოლდმანი.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტილისა და მიმართულების არტისტების ნამუშევრები. მათ შორის არის თავისი კინემატოგრაფიული ხედვით ცნობილი ანა ბურლაკოვა, პორტრეტისტი იური ზაიცევი და სხვა ახალგაზრდა ფოტოგრაფები.
კინოფესტივალი ,,ვივა ფოტო“ რამდენიმე თაობის თავშეყრის ადგილად იქცა. ექსპოზიცია სწორედ ამ ერთიანობას წარმოაჩენს, რომელშიც სხვადასხვაა სტილი, გამოხატვის ფორმები და ხედვა. გამოფენა 2016 წლის 3 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები