სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით 212 ადამიანი დასაქმდა (ვიდეო)
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა, პაატა ლომაძემ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური დასაქმების ფორუმის შედეგები მედიას გააცნეს.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ საცალო გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიაზე კანდიდატურების გადარჩევა დაასრულა. დასაქმების ფორუმი მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის 21 აპრილს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმზე, გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიაზე დაინტერესება 1500-მდე ადამიანმა გამოთქვა.
სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ფორუმის თითოეულ მონაწილეს გაესაუბრნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამუშაოს შესახებ. საბოლოოდ 212 კანდიდატი შეირჩა, რომლებიც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრენინგცენტრში გადამზადების ინტენსიურ კურსს გადიან. შერჩეული კანდიდატებიდან 65 სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელია.
ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების „ჯიპიაი ჰოლდინგი“-სათვის გაგზავნა. სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის სერვისების მიწოდებაზე. ამ სერვისებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული სამუშაოს მაძიებლებისათვის და დამსაქმებლებისათვის საშუამავლო მომსახურების გაწევა. დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 60 000 სამუშაოს მაძიებელი ჰყავს დარეგისტრირებული. ჩვენი მიზანია, ბიზნესსექტორთან აქტიური თანამშრომლობის განვითარებით ხელი შევუწყოთ სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში.