ლიბიაში აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა
ლიბიის ქალაქ გარაბულიში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა. ეს დასახლებული პუნქტი ქვეყნის დედაქალაქის – ტრიპოლის მახლობლად მდებარეობს. დაჭრილია 30 ადამიანი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქება ჭურვების საწყობში მოხდა. მას წინ უძღოდა ქალაქ მისრატაში ადგილობრივ მოსახლეობასა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა „ბოევიკმა“ შეძენილ ნივთებში ფული არ გადაიხადა. მაღაზიის მეპატრონემ ის მოკლა, რის შემდეგ სხვა “ბოევიკები“ მოვიდნენ და მკვლელის სახლი და მაღაზია გადაწვეს. ამის შემდეგ ხანძარი ტყვია-წამლის საწყობს გადაედო.