დღეს უკრაინელი მხატვრისა და ლიტერატორის ალექსანდრე პავლოვის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დღეს უკრაინელი მხატვრისა და ლიტერატორის, ალექსანდრე პავლოვის პერსონალური გამოფენა – „შორეული ხეტიალიდან დაბრუნებისას“ გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინელი მხატვრისა და ლიტერატორის, ალექსანდრე პავლოვის 21 ფერწერული ტილო, რომელიც ასახავს ავტორის შეხედულებებს თანამედროვე კულტურასა და საზოგადოებაზე.
მისი ნამუშევრები აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ესთეტიკით ხასიათდება, თუმცა ბოლო დროის ფერწერულ ნამუშევრებში სჭარბობს ფიგურატიული გამოსახულებები.
”სულიერი და სექსუალური ძალადობა, ღალატი, გამოუვალი მდგომარეობა, განურჩევლობა, განგაში და შიში – სწორედ ეს თემები წარმოადგენს ალექსანდრე პავლოვის ნამუშევრების შინაარსს. მხატვარი თავის ფერწერაში აქცენტს აკეთებს ხელოვნებისა და რეალობის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემაზე. მასთან ხელოვნება განხილულია სიყვარულის, ტანჯვის, რწმენის, მრისხანების, მხიარულებისა და სიკვდილის პრიზმაში”, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის ინფორმაციაში.
1968 წლიდან მხატვარს მრავალ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული უკრაინაში, რუსეთში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, ინდოეთსა და დიდ ბრიტანეთში. ასევე, არის რამდენიმე წიგნის ავტორი. გამოფენის მხარდამჭერია ფონდი „ჰუმანითი“. გამოფენა „შორეული ხეტიალობიდან დაბრუნებისას“ 2016 წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები