„დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი“ – საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოტოალბომის წარდგინება გაიმართება

22 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება წარდგინება ფოტოალბომისა – „დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი“.
ალბომში შესულია ექსკლუზიური მასალა მდიდარი საოჯახო არქივიდან, რომელიც მოიცავს 6 თაობის ფოტოებს, წერილებს, ღია ბარათებს, მოსაწვევებსა და სხვა.
მათ უმრავლესობას პირველად გაეცნობა დაინტერესებული მკითხველი.
პროექტის ავტორია დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი – თამარ მიქაძე; შემდგენლები – თამარ მიქაძე, სოფიო ისაკაძე.
რედაქტორი – როსტომ ჩხეიძე; დიზაინერი – ციცი ბოდოკია; დამკაბადონებელი – იოსებ კაპანაძე; ალბომი გამოსცა “სპეკალმა” და დაისტამბა “დამანში”.

13414082_1025203650894141_284798073_n

– ალბომში შესულია 6 თაობის ექსკლუზიური მასალა საოჯახო არქივიდან. აქ არის წერილები როგორც ოჯახის წევრების, ისე, საზოგადო მოღვაწეების, ასევე, ღია ბარათები, რომელიც რუსული, ფრანგული, იტალიური, გერმანული და ინგლისური ენიდან ითარგმნა, – განუცხადა „კვირას“ ფოტოალბომის – „დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი” პროექტის ავტორმა, ქალბატონმა თამარ მიქაძემ, – დიმიტრის შთამომავლები ხომ ხშირად სტუმრობდნენ საზღვარგარეთს, იქ სწავლობდნენ, მუშაობდნენ, რიგ შემთხვევაში, ცხოვრობდნენ რეპრესიების დროს.
ალბომში შესულია მოსაწვევები, ნივთების ფოტოები და ბევრი სხვა რამ. ამ მასალას დავურთეთ შთამომავლების ბიოგრაფიები და ფოტოქრონიკა, რომელიც დიმიტრის სახელთან დაკავშირებულ ბოლო 25 წლის ისტორიას ასახავს.
მინდა მადლობა მოვახსენო ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩემთან ერთად უანგაროდ იმუშავეს გამოცემაზე: იოსებ კაპანაძეს, ციცი ბოდოკიას, სოფიო ისაკაძეს. გამოცემის რედაქტორია როსტომ ჩხეიძე, მთავარი ფინანსური მხარდამჭერი საქველმოქმედო ფონდი „სარაჯიშვილი“.
– რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ფოტოალბომის გამოცემა?
– ვფიქრობ, ამ წიგნის გამოცემა მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ სათანადო პატივი მივაგოთ წინაპრებს, გადმოვცეთ მათი ღვაწლი, დავანახვოთ, ახალგაზრდებს, როგორი სამაგალითო ოჯახები გვყავდა. ასეთი პიროვნებების არსებობით მოვედით დღემდე… ისე, რომ ისტორიული, ლიტერატურული, ფსიქოლოგიური თუ ინტელექტუალური თვალსაზრისითაც საინტერესოა.
– სასიხარულო ამბავი გავიგეთ, თბილისში დიმიტრი ყიფიანის ძეგლი დაიდგმება… სად არის დაგეგმილი ამ ძეგლის დადგმა და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ალბათ კონკურსი გამოცხადდება ძეგლის ესკიზის შესაქმნელად?

13434270_1025203657560807_1861449607_n– ორი წლის წინათ შევიტანეთ განცხადება ამის თაობაზე და დადებითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამ საქმეში ჩვენთან ერთად დეკანოზი მალხაზ ყიფიანი და ალექსანდრე ყიფიანი იყვნენ. შესაბამისი ადგილის შერჩევა ცოტა გაჭირდა, იდეა ჩემმა მეუღლემ სულხან ისაკაძემ მოგვაწოდა. ვფიქრობ, ვერის ბაღი, მართლაც რომ, მყუდრო და შესაფერისი ადგილია. ასე რომ, მთელი ოჯახი ჩაბმული ვართ ამ საქმეში. სავარაუდოდ, ძეგლის ესკიზის შესაქმნელად ტენდერი გამოცხადდება. ერთსაც ვიტყვი, თუ შეიძლება… მუშაობა წინაპრების სიყვარულით დავიწყე და, ჩემდა საუბედუროდ, შვილის სიყვარულით დავასრულე. სწორედ მას ვუძღვნი ალბომს – ნიკოლოზ ისაკაძეს, ჩემს ყველაზე დიდ სიყვარულსა და ტკივილს.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები