გიგია ოთხოზორიას მკვლელობა ჰამერბერგის მოხსენებაში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს, თომას ჰამერბერგს შეხვდა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე თომას ჰამერბერგმა ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მისი სტუმრობისა და ადგილზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების თაობაზე. მინისტრმა საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სოფელ ხურჩაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობაზე. მან ხაზი გაუსვა ბრალდებული პირის დაუყოვნებლივ დაკავების აუცილებლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი პროვოკაცია და ვითარების შემდგომი ესკალაცია. თომას ჰამერბერგმა აღნიშნა, რომ 19 მაისს მომხდარი მკვლელობა ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება მის მიერ აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებაში.
საგარეო უწყების ცნობით, თომას ჰამერბერგი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის დავალებით, დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში, შეაფასებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებას. ამისათვის იგი უკვე მეორე ვიზიტით ეწვია საქართველოს, რომლის ფარგლებშიც გაიმართა რიგი შეხვედრები თბილისში, ზუგდიდში, გალში და სოხუმში. ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამერბერგი შეხვდა საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები