შს სამინისტრო უანგარო დონორობისთვის დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „სისხლის უსაფრთხოებისა და რეგულარული მხარდაჭერისთვის“ მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, დაჯილდოების ცერემონია, კამპანიის – „სისხლი ყველას გვაერთიანებს“ ფარგლებში, სისხლის დონორთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.
ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ შს სამინისტროს უანგარო დონორობის კამპანიის რეგულარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების წარმომადგენელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანს მადლობის სიგელები გადასცა.
უანგარო დონორობისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი, კერძოდ: შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს მომსახურების სააგენტო, სასაზღვრო პოლიციის N8 სამმართველო (ჯავა-ონი), შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველო.
უკვე მეოთხე წელია, შსს-ს ასობით თანამშრომელი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს ყოველთვიურად აბარებს. უწყება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ „სისხლის ბანკთან“ სისტემატურად თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დონაცია მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები