გურამ ადამაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობას არ ადასტურებს.
შესაბამისად, მისი თქმით, მერაბიშვილის გათავისუფლებაზე საუბარი უხერხულია.
„მე გავეცანი გადაწყვეტილებას, რომლიც სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მსგავსი რამ არსად არ არის ნათქვამი. არც ის წერია, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. დოკუმენტში საუბარია, რომ 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო. ვფიქრობ, ამ თემით სპეკულირება გარკვეული ადამიანების ინტერესებში შედის. მინდა მოვუწოდო მათ, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნუ ისაუბრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია და პოლიტიკოსები თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ ხშირად გარკვეულ ინტერპრეტირებას ახდენენ ამა თუ იმ საკითხის, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი ავტორიტეტული ორგანოს, როგორიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გახლავთ, გადაწყვეტილებაზე დამახინჯებულად ან კონტექსტიდან ამოგლეჯილად საუბარი მიზნად მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“,-განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
„პოზიცია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო გარკვეულ დარღვევებზე მიუთითებს, ეს ქართულ მართლმსაჯულების საქმიანობას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ მაინც არ აყენებს.
„ვანო მერაბიშვილი ბევრი გარემოების გათვალისწინებით დააპატიმრეს. მის წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულება არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო გარკვეულ დარღვევებზე მიუთითებს, ეს ქართულ მართლმსაჯულების იმიჯს ეჭვქვეშ მაინც არ აყენებს და შესაბამისად, მერაბიშვილის ამჟამინდელ სამართლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს“,-განაცხადა მან.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გუშინ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც 2013 წლის მაისში დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა, არის კანონიერი. თუმცა დოკუმენტში საუბარია დარღვევებზე. კერძოდ კი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტზე (ო. ფარცხალაძე − დ. დარბაისელის ეპიზოდი პატიმრის საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ) და 2013 წლის სექტემბრის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, რა დროსაც ივანე მერაბიშვილმა მოითხოვა 2013 წლის 25 სექტემბერს მისი წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა, სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა უარყო ზეპირად ერთი მარტივი ფრაზით და უარი სათანადოდ არ დაასაბუთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები