საკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანს პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის მინისტრის მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციისა და მოსამართლეების პოლიტიკურ დებატებში ჩართვის მცდელობას.
„აღნიშნული განცხადებები არა მხოლოდ უპასუხისმგებლო და უსაფუძვლოა, არამედ შეუფერებელია მისი თანამდებობისთვის. იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირს და მისი განცხადებები აღიქმება სასამართლოზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობად. გამოვთქვამთ იმედს, რომ გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის პოზიციას. შევახსენებთ მინისტრს, რომ სარჩელების განხილვის ვადებთან, ისევე როგორც საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მას საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს და მასზე პასუხებს უახლოეს მომავალში ელოდება. მინისტრი დაინტერესებულია, რა პოლიტიკას ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო. თეა წულუკიანს კითხვები საქმის განხილვის ვადებთან, რიგითობის პრინციპთან და არსებით განხილვასთან დაკავშირებით აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები