კახა კალაძე: არსებული ხელისუფლების პირობებში სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა გამორიცხულია
საქართველოს ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, არსებული ხელისუფლების პირობებში სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა გამორიცხულია. ამის შესახებ კალაძემ გადაცემაში „პოლიტიკა“ “რუსთავი 2“-ის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„სარჩევნო წელია, ძალიან დიდი ყურადღებაა ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან არჩევნებთან დაკავშირებით. როცა სასამართლო იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს ტელევიზიებთან დაკავშირებით და ისეთ ტელევიზიაზე, როგორიც არის “რუსთავი 2“, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ჩნდება, მაგრამ ვერცერთი მაღალჩინოსანი – ვერც მინისტრი, ვერც პრემიერ-მინისტრი ვერ მიიღებს სასამართლო პროცესში ჩარევის გადაწყვეტილებას და ის, რომ ვინმემ სასამართლოს ძალდატანებით მიაღებინოს გადაწყვეტილება – ეს არის გამორიცხული.
ვფიქრობ, მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავდა იმ მანკიერ პრაქტიკას, რაც იყო წლების განმავლობაში. დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩავაბაროთ წარსულს. გვახსოვს, როგორ ხდებოდა ერთ დღეში დაკავება, ბრალის წაყენება, გასამართლება, მე პირადად არ მიყვარს ფრაზა „ცხრა წელი“ – ეს ფრაზა უკვე გაიცვითა, თუმცა რეალობას ვერ გავექცევით და, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს იყო მწარე რეალობა, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ჩვენ ძალიან ხშირად გვახსენებენ სამართლიანობის აღდგენის დაჩქარებას. ეს პროცესი დაწყებულია, ჩვენ ვერ მოვიქცეოდით ისე, როგორც მოიქცა “ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წელს. თუ პიროვნებამ დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში და არა ისე, როგორც 2003 წელს ხდებოდა“,- განაცხადა კახა კალაძემ.