ავრამოპულოსი: ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა
ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა, – ამის შესახებ ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.
ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში საკითხზე პროგრესი მალე იქნება.
„გავცვალეთ მოსაზრებები ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე. კომისიამ ძალიან მკაფიო პოზიცია დაიკავა თავის რეკომენდაციებში. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში ამ საკითხზე პროგრესი მალე იქნება“, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
შეგახსენებთ,რომ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.