თეა წულუკიანი: უვიზო რეჟიმს ალბათ მივიღებთ მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმის გაუქმების მარტივ მექანიზმს დაამტკიცებენ
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები ბუნებრივია, დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ქვეყანაში კრიმინალთან ბრძოლას და ამიტომ მათ სჭირდებათ უვიზო რეჟიმის გაუქმების მარტივი მექნიზმი, რათა უვიზო რეჟიმი დაწესდეს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას სწორედ უვიზო რეჟიმის გაუქმების მარტივი მექანიზმის დამტკიცების შემდეგ მიიღებს.
„ძალიან დიდი საფუძველი არსებობს, რომ უვიზო რეჟიმი მივიღოთ, მაგრამ ალბათ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმის გაუქმების მარტივ მექანიზმს დაამტკიცებენ, რადგან ის შიშები, რაც ზოგიერთ საზოგადოებრივ აზრში არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში, მოხსნილი იქნას. ჩვენი მოქალაქეები, ვინც აქ ვართ ან საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, ერთი- ორი გამონაკლისის გარდა, ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები და ჩვენ ვიმსახურებთ იმ სამართლიან გადაწყვეტილებას, რასაც უვიზო მიმოსვლა ჰქვია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.