ცესკო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან ამომრჩეველთა მონაცემებს 15 ივლისს მიიღებს
დღეს, ცესკოში, ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები ამომრჩეველთა სიის ფორმირების საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე ბევრი ნიუანსი განიხილეს. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის საკოორდინაციო შეხვედრა და თანამშრომლობა ეფექტური იქნება იმისათვის, რომ საკითხები, ნიუანსები, არსებული ხარვეზები უწყებებთან განიხილონ.
„დღეს, ძირითადად, ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ვადების და მონაცემების მოწოდების ვალდებულებებზე, რომელიც კანონმდებლობით გაწერილია. ასევე ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო სიახლეებზე, რომლებიც ამ უწყებებს შეეხებათ. ასევე კოორდინაციის ეფექტურ მექანიზმებზე, რათა ამომრჩეველთა სია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაქსიმალურად დახვეწილი იყოს“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა სამხარაძის ინფორმაციით, პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემების შემდგომი გადაცემის ვადა კანონმდებლობით 15 ივლისია.
ამის შემდეგ ცესკოს, საბოლოო სიის გამოქვეყნების მიზნით, შეუძლია დამატებით ინფორმაცია წერილობით გამოითხოვოს.
შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ.
ცესკოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, შს სამინისტროების, დაზვერვის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.