კახა კალაძე: პოლიტიკურად გაკოტრებულ ზოგიერთ პარტიას აქვს შესაძლებლობა, მოსახლეობას რაღაცით შეახსენოს თავი

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას აზიანებს, მითუმეტეს, როცა საარჩევნოა წელია.
კახა კალაძემ ამის შესახებ დღეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, ცუდია, რომ ისმის გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები, თითქოს სასამართლოს მიმართ არის პოლიტიკური ზეწოლა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკურად გაკოტრებულ ზოგიერთ პარტიას, სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, მოსახლეობას რაღაცით შეახსენოს თავი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, ეს არის დავა ქიბარ ხალვაშსა და ძმებ ყარამანაშვილებს შორის.
„რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ვფიქრობ, ეს მინისტრის, ვიცე-პრემიერის, პრემიერ-მინისტრის განსასჯელი არ უნდა იყოს. სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ჩვენ გამოვედით იმ წლებიდან, როდესაც ერთ დღეს ხდებოდა დაკავება, ბრალის წაყენება, გასამართლება, გირაოთი გამოშვება, ან ციხეში გაშვება, ეს დრო საქართველოში დასრულდა. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ეს ინსტიტუტები უნდა იყოს დამოუკიდებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ დღეს სასმართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს.
სააპელაციო სასამართლომ ”რუსთავი 2”-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები