მაგდა პაპიძე: ომარ ქაფიაშვილი ძალიან ძლიერი იყო და „მისი მომრევი არ მეგულებოდა“

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ საკუთარი უფლება გამოიყენა და ნაფიცი მსაჯულების წინაშე მეუღლესა და შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც პაპიძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მის შვილს, თორნიკე ქაფიაშვილს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის გაჩენის დღიდან ბავშვს არ მოსცილებია.

პაპიძემ ასევე განმარტა, რომ მის შვილს ხშირად სჭირდებოდა მედიკამენტები და ამაში დარწმუნება ყველას შეუძლია მის საცხოვრებელ სახლში მისვლით.
„მე და თორნიკეს უბრალო დედაშვილობა არ გვქონია. ჩემს შვილს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შვილი გვერდიდან არ მომიცილებია“, – განაცხადა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე.

ნაფიცი მსაჯულების წინაშე პროკურორის მიერ წარმოდგენილ ფოტოზე მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა განმარტა, რომ აღნიშნული ფოტო მისი მეუღლის მიერ იყო გადაღებული.

„ასეთი ფოტო ჩემს სოციალურ ქსელში არის ორი და ორივე ჩემი მეუღლის გადაღებულია, მე ეს ორივე ფოტო მჭირდებოდა სამსახურისთვის, რადგან მე ვმუშაობდი პიარში და ასეთი ფოტოები მჭირდებოდა“, – განაცხადა მაგდა პაპიძემ.

მან ასევე გარდაცვლილი მეუღლის თვისებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომარ ქაფიაშვილს პათოლოგიური სიმთვრალე ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, მის წინააღმდეგ ეს არასდროს გამოუვლენია. მაგდა პაპიძემ ასევე აღნიშნა, რომ ომარ ქაფიაშვილი ძალიან ძლიერი იყო და „მისი მომრევი არ ეგულებოდა“. როგორც პაპიძემ აღნიშნა,  მას მეუღლე საკუთარი თვალით ჰყავს ჩხუბში ნანახი.

პაპიძემ ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ შეიძინა ურო. ბრალდებულის თქმით, ეზოში აქვთ სათავსო და მისი სახურავის შეკეთებისთვის მეუღლემ დააბარა უროს შეძენა.

მაგდა პაპიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სათავსოს სახურავი დღემდე ჩამონგრეულია. მაგდა პაპიძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელდა ძალადობა.

„ახლა რომ არ მრცხვენოდეს, ამ პერანგს გავიხდიდი და გაჩვენებდით მუცელს, ყველა სისხლჩაქცევამ გამიარა, მაგრამ მუცელში მოხვედრილმა წიხლმა და ხელებმა – არა. ჩემზე განხორციელდა ძალადობა იმისთვის, რომ მიეღოთ სასურველი ჩვენება. მათ შემომახიეს ტანსაცმელი და იქამდე ძალადობდნენ, სანამ არ ნახეს ინსულინი. მე დიაბეტით ვარ დაავადებული და ამიტომ თუ ნემსს არ გამიკეთებენ, სისხლში იმატებს შაქარი. დღემდე მეუბნებიან, რომ ეს საქმე ძიებაშია. მთხოვენ კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებას, ვინც ჩემზე იძალადა, მაგრამ მე მათი ვინაობა არ ვიცი. შემიძლია ყველა ამოვიცნო სახეზე“, – განაცხადა პაპიძემ.

მაგდა პაპიძის თქმით, მას ოთარ ბერძენიშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და როდესაც ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვა მოხდება პროცესზე, ისიც დაადასტურებს, რომ ისინი უბრალოდ მეგობრები იყვნენ და არავისთან ერთად არ დაუგეგმავს რაიმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები