ესპანეთში სასწრაფო დახმარების მანქანას 50 კილოგრამი მარიხუანა გადაჰქონდა
ესპანეთში პოლიციამ სასწრაფო დახმარების მანქანა დააკავა, რომელშიც სამართალდამცველებმა 50 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინა. ამის შესახებ გამოცემა El Mundo იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მარიხუანის პარტიის დაკავება ანონიმური ზარის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.
პოლიციაში მადრიდის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი ფერმიდან მამაკაცმა დარეკა, რომელმაც სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ მეზობელ ფერმაში სასწრაფო დახმარების მანქანასთან საეჭვო პირები იმყოფებოდნენ და მანქანაში რაღაცა პარკებს აწყობდნენ.
როდესაც ავტომობილმა ფერმის ტერიტორია დატოვა, ის პოლიციამ გააჩერა. აღმოჩნდა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას ორმაგი ჭერი ჰქონდა, სადაც დამნაშავეები ნარკოტიკულ საშუალებას მალავდნენ. მისი ფასი „შავ ბაზარზე“ 60 ათას ევროს შეადგენს. ესპანეთში მარიხუანის მოყვანა და მოხმარება კანონით არ ისჯება. ამასთანავე, მისი ტრასპორტირება და რეალიზაცია სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, დამნაშავეებს, ძირითადად, აჯარიმებენ, ხოლო მარიხუანის კონფისკაცია ხდება.