გიორგი უძილაური: ჟურნალისტმა იქამდე მიიყვანა საუბარი, რომ ივანიშვილს პასუხების სურვილიც გაუქრო

ფაქტობრივად,  ჩაშლილი ინტერვიუ, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” სოციალური მედიის კოორდინატორი გიორგი უძილაური ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებელის” ეთერში გავიდა და სოციალურ ქსელში ჟურნალისტ სალომე ასათიანს აკრიტიკებს.
“ფაქტობრივად, ჩაშლილი ინტერვიუ საზმაუზე ახლახან დასრულდა სალომე ასათიანის გადაცემა “ინტერვიუ”, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა. ყველაფერი დაიწყო ბიძინა ივანიშვილის წერილით, რომელიც გამოქვეყნდა 3 დღის წინ. ვრცელი წერილი სრულდებოდა პოსტსკრიპტუმით: “P.S. მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ ხუთშაბათს, 2 ივნისს, ამ თემებზე დამატებით კითხვებს ვუპასუხებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “ინტერვიუში”. ბიძინა ივანიშვილი (30.05.2016 წელი)”, ანუ საზოგადოებისთვის უაღრესად საინტერესო წერილი უნდა გაშუქებულიყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სალომე ასათიანის გადაცემაში.
ასათიანი მოხარული იყო, რომ სწორედ მას ეყოლებოდა ქვეყნის ყველაზე საინტერესო რესპონდენტი, თუმცა სიხარულის გარდა მას ჰქონდა პასუხისმგებლობაც, სულ მცირე იმ საზოგადოების წინაშე, რომელმაც იცოდა, რომ ივანიშვილის წერილი გაიშლებოდა სწორედ მასთან – ჟურნალისტთან, რომელსაც ვერავინ დააბრალებს მიკერძოებულობას და ივანიშვილის სურვილიც სწორედ ეს იყო – მოუკერძოებლად გარჩეულიყო წერილი… სამწუხაროდ, რეალობა სხვა აღმოჩნდა. სალომე ასათიანმა, ერთი მხრივ, აიღო პასუხისმგებლობა გაეშალა ინტერვიუში ივანიშვილის წერილში გაჟღერებული თემები (სხვა შემთხვევაში უარს იტყოდა ან უარყოფდა პოსტსკრიპტუმს) და, მეორე მხრივ, გადაწყვიტა არ მიეცა ივანიშვილისთვის წერილზე საუბრის საშუალება და იმპროვიზაციით გაეთამაშა ჟურნალისტური ოსტატობის დრამატული სცენა. საბოლოოდ კი გამოვიდა… არაფერი.
1. საზოგადოებამ ფაქტობრივად ვერ მიიღო რაც სურდა, რადგან ჟურნალისტმა ივანიშვილის წერილზე მნიშვნელოვნად ჩათვალა საყდრისი და თსუ-ს სტუტენტების გარჩევები 2. ივანიშვილს არ მიეცა საშუალება, ხმა მიეწვდინა საზოგადოებისთვის და ესაუბრა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე; 3. თავად სალომე ასათიანს არ გამოუვიდა ინტერვიუ მიზეზი? როგორც ჩანს, ივანიშვილის მზაობამ, ყოფილიყო სწორედ სალომეს რესპონდენტი, ისეთ ეიფორიაში ჩააგდო ჟურნალისტი, რომ მან აშკარად ვერ ნახა დრო მომზადებისთვის, რის შედეგადაც გადაცემაში დაკარგა საუბრის ღერძი. სწორედ ამის შედეგია ის დაბნეული კითხვები, რომლებსაც თავად ასათიანი პასუხობდა ახალი კითხვებით და არ აძლევდა რესპონდენტს პასუხების გაცემის საშუალებას და იქამდე მიიყვანა საუბარი, რომ ივანიშვილს პასუხების სურვილიც გაუქრო. მოკლედ, სალომე ასათიანის ეიფორიამ, დაბნეულობამ, ამბიციებმა და კომპლექსებმა ერთობლიობაში გააფუჭა ინტერვიუც და იმედი გაუცრუა საზოგადოებასაც, რომელიც ასე ელოდა ივანიშვილის კომენტარს მის წერილზე. ამიტომაც არ უნდა იყოს საწყენი ის რეაქციები, რომლებიც მოჰყვა სალომე ასათიანის ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელებში. რასაკვირველია, მაყურებელი გაღიზიანდებოდა ამ მოუმზადებელი გადაცემითაც, წამყვანითაც და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლითაც, რომელიც, სამწუხაროდ, სულ უფრო ნაკლებად ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესებს”, – წერს სოციალურ ქსელში უძილაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები