არჩილ გამზარდია: საკუთარი მოსაზრებები ვიხილე ივანიშვილის წერილში

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ყოფილი პრემიერის ღია წერილს აფასებს. როგორც გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ბიძინა ივანიშვილის წერილში იყო ბევრი სტრატეგიული საკითხი, ორიენტირები, მოქალაქეებისადმი დამოკიდებულება, სოციალური და ეკონომიკური პერსპექტივები.
“წავიკითხე ბიძინა ივანიშვილის წერილი. თავიდანვე შევეცადე, “შარის მომდების” თვალით შემეხედა, ჩამონათვალში რატომღაც დავიწყებია ის რეფორმები, რომელიც დემოგრაფიის კუთხით წარიმართა, სახელმწიფოს თანადაფინანსება მშობიარობის ხარჯებში, მომატებული დეკრეტული ანაზღაურება; ასევე არ გაუმახვილებია საკმარისი ყურადღება რეგიონების განვითარების პერსპექტივებზეც.
არ შემიმჩნევია ომში მონაწილეთა და გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახებზე სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი დახმარებები და ა.შ. ასე, რომ ყოფილ პრემიერს არაერთი რამ გამორჩა შეჯამებისას, რომელიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იყო და აღნიშვნად ღირდა.
ორი თემა, რაზეც მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ ხოლმე და იმედი მაქვს, რომ მომავალი ხელისუფლების პრიორიტეტებში ჩაჯდება – ეს არის დაქირავებულების უფლებები და მომხმარებლის უფლებები, რომელიც საქართველოში მხოლოდ სიმბოლურად თუ არსებობს, თორემ რეალურად უფლებრივ გადაკვეთაზე როგორც კი მივა საქმე, აღმოვაჩენთ, რომ რიგითი მოქალაქეები არარაობები ვართ და ჩვენს მხარეს მხოლოდ უუფლებობაა სამსახურშიც და მომსახურებისას. იმედი მაქვს, მომავალში ამ თემებს ყურადღება მეტად მიექცევა.
მართალი ვთქვა, ჩემთვის განსაკუთრებული სიახლეები არ იყო ამ წერილში, რადგან არაერთ საკითხზე მე მუდამ იგივეს ვლაპარაკობ, როგორც ცალკე აღებული მოქალაქე და სპეციალისტი და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი მოსაზრებები ვიხილე ივანიშვილის წერილში; მეორე ალბათ იმიტომ, რომ ყოფილ პრემიერთან ერთად არაერთხელ გვისაუბრია ამ თემებზე და მე ვხედავდი მის გულწრფელ დამოკიდებულებას.
კიდევ ერთი დეტალი, როგორც პიარსპეციალისტი, მარტივად ვიტყვი, რომ რაც ბოლო წლებში ივანიშვილმა პირადი თანხები ჩადო მომავლის პროექტებში, კომერციულად არამომგებიან პროექტებში და ა.შ. სრულიად საკმარისი იქნებოდა მისგან, რომ ისეთი პიარ კამპანიები განეხორციელებინა, დღესაც ისევე “ელოცათ” მასზე, როგორც 2012 წლამდე, მაგრამ ივანიშვილმა ასე არ გააკეთა, ამ თემებზე ჩვენ ხშირად სხვადასხვა პოზიცია გვქონია და გვიკამათია კიდეც.
“პიარზე მაღლა” დადგომა ივანიშვილის პირადი დამოკიდებულებაა, რომელსაც ხშირად არ ვიზიარებ და მისგან განსხვავებით, მართალიც ვარ ხოლმე, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მოქალაქეებს მოვლენებზე მეტად მოვლენებისადმი დამოკიდებულება აინტერესებთ და ალბათ, შეუძლებელია, დღეს იყო პოზიტიური იმიჯის გავლენიანი ადამიანი, რომელიც თან რაღაცას ცდილობ ქვეყნისთვის და თან შენს მოწადინებას მალავ, რომ არავის დაამადლო.
ერთი სიტყვით, ამ წერილში იყო ბევრი სტრატეგიული საკითხი, ორიენტირები, მოქალაქეებისადმი დამოკიდებულება, სოციალური და ეკონომიკური პერსპექტივები და ა.შ. და ყველაზე მთავარი, იქ არ იყო აგრესია, მოწინააღმდეგეებზე საუბრისასაც კი არ იყო აგრესიისა და სიძულვილის ისეთი ნაზავი, რომელსაც ჩვენ ვართ ხოლმე შეჩვეული, დანარჩენზე კი, შეიძლება, ყოველთვის კამათი, ცალკე აღებული ადამიანი ვერ იქნება ჭეშმარიტებისა და ობიექტურობის იდეალი და მსჯელობის სივრცესაც დატოვებს ყოველთვის”, – წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები