“ხელისუფლება, რომელსაც ოპონენტად “ნაციონალური მოძრაობა” ჰყავს, უნდა იყოს მზად, რომ ყოფილი ხელისუფლება პროვოკაციებს მოაწყობს”

ხელისუფლება, რომელსაც ოპონენტად “ნაციონალური მოძრაობა” ჰყავს, უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ ყოფილი ხელისუფლება პროვოკაციებს მოაწყობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდია წერს და დღეს ზუგდიდის რაიონში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
“ხელისუფლება, რომელსაც ოპონენტად “ნაციონალური მოძრაობა” ჰყავს, უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ ყოფილი მმართველი პარტია ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოაწყობს პროვოკაციებს. სწორედ იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა ძალადობაზე, რასაც გასული ოთხი წელი ადასტურებს, უნდა გაითვალისწინოს თავისი პოლიტიკაც, ყოფილი მმართველების სტრატეგიებიც და დახვდეს მზად “ნაციონალური მოძრაობის” პერმანენტულ პროვოკაციებს – უნდა უზრუნველჰყოს უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივი სტაბილურობა. ის, რაც დღეს მოხდა ერთ ადგილას, არის ნიშანი იმისა, რომ აგონიაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობა” მსგავს პროვოკაციებს შეეცდება როგორც დარჩენილი თვეების განმავლობაში, ისე, განსაკუთრებით არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა აღკვეთოს პროვოკაციები და უზრუნველჰყოს საზოგადოების სიმშვიდე, ასევე აღკვეთოს საზოგადოებრივი დესტრუქციები თუნდაც პროვოკატორების საპასუხოდ. ვწუხვარ და მრცხვენია და როგორც ერთი მოქალაქე, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი რამდენიმე მოქალაქის ნაცვლად, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენენ და ცდილობენ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლას, ჩვენს თანამოქალაქეებს კი ვთხოვ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან 2016 წლის არჩევნები უფრო მკვეთრ წერტილს დაუსვამს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლობას ხელისუფლების ამა თუ იმ შტოში, იქამდე კი ყველამ მაქსიმალური სიმშვიდით და სახელმწიფოს ინტერესების დაცვით სრული მოთმინება გამოვიჩინოთ”, – წერს გამზარდია ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები