ხულოს თეატრში „ჩემო მეჟოლიას“ პრემიერა გაიმართა

 

ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თeატრში პრემიერა გაიმართა. მიხო მოსულიშვილის „ჩემო მეჟოლია“ რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. პიესა 2012 წელს კ. მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის, „ქალებზე ძალადობის“ პროექტის ფარგლებში დაიწერა.
ათი წლის განმავლობაში შინიდან უცხოეთში სამუშაოდ წასულ, ამერიკიდან ქმრის წლისთავზე მოულოდნელად დაბრუნებულ სოფოს, სახლში არაორდინალური სიტუაცია ხვდება. აღმოაჩენს რა, რომ მისი ქმარი კი არ გარდაცვლილა, არამედ, სოფოს სკოლის უახლოეს მეგობარზე დაქორწინებულა და კიდევ ერთხელ „გაბედნიერებული“ დახვდება, იწყებს შურისძიებას. ამაში, ასევე მოულოდნელად, ამერიკიდან ჩამოსული პოლკოვნიკი, ბაქსტერი ეხმარება (სოფო სწორედ ბაქსტერთან მუშაობდა მომვლელად).
სწორედ ამ მოვლენების ფონზე ვითარდება სპექტაკლში „ჩემო მეჟოლია“ ტრაგი-კომიკური სიტუაციები.
სპექტაკლისათვის მხატვრული გარემო მხატვარმა გიორგი გოგოტიძემ შექმნა. მუსაკალურად „ჩემო მეჟოლია“ თამაზ იმნაძემ გააფორმა. სპექტაკლში ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, ნინო ქარცივაძე, რამაზ ბოლქვაძე, თეა ქამადაძე, ლაშა აბულაძე, ედნარ ბოლქვაძე და მაყვალა მელაძე მონაწილეობენ.

როინ სურმანიძე, ხულოს სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
„ჩვენ სამი წელია, ვთანამშრომლობთ ბრიტანულ საბჭოსთან და ბრიტანელ ექსპერტებთან. ეს პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მიზანია, თეატრალური ხელოვნების განვითარება. ამ თანამშრომლობამ განსაზღვრა ის, რომ ორიენტირებულები ვიყოთ თანამედროვე დრამატურგიაზე და სწორედ ამ ნიშნით ვირჩევთ, თუ რა დაიდგმება, ან ვინ დადგამს თეატრში. მე ბოლო ერთი წელია, როგორც ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვაკვირდები რეჟისორის, გეგა ქურციკიძის შემოქმედებით მოღვაწეობას და გადავწყვიტე კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე შემეთავაზებინა ჩვენთან თანამშრომლობა. მან შეარჩია თანამედროვე ქართველი დრამატურგის, მიხო მოსულიშვილის პიესა „ჩემო მეჟოლია“.
თემა, რომელიც ვითარდება სპექტაკლში, ჩვენს რეალობაში საკმაოდ მტკივნეული და აქტუალურია. თითოეული ჩვენგანი, თითოეული მაყურებელი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მონაწილე თუ არა, შემსწრე მაინც…
ვფიქრობ, ძალიან კარგი, საკმაოდ მსუყე შემოქმედებითი პროდუქტი მივიღეთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ერთჯერადი თანამშრომლობით რეჟისორთან შემოქმედებითი ურთიერთობის ამოწურვა რთულია და, ვფიქრობ, ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.“
ნერონ აბულაძე, თეატრმცოდნე:
„ძალიან კმაყოფილი ვარ ხულოს თეატრის დღევანდელი პრემიერით. სპექტაკლი პროფესიულად არის გამართული, დრამატურგიული სტრუქტურა ჩამოყალიბებული. მახვილები და აქცენტები ძალიან ზუსტად არის დასმული, რაც გამომდინარეობს ჩვენი რეალობიდან, ჩვენი ყოფიდან. ფინალი ცოტა აპოკალიფსურია. რეჟისორის ხედვაა ასეთი, რადგან რეალურადაც ვდგავართ უამრავი მსგავსი ფაქტის წინაშე. სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება აბსოლუტურად იდენტურია რეჟისორის კონცეფციისა.
მე ვთვლი, რომ ეს სპექტაკლი ნებისმიერი სახის პრემიაზე, რაც შეიძლება არსებობდეს საქართველოში, დაწყებული „დურუჯიდან“ დამთავრებული თეატრალური საზოგადოების პრემიით, თვისუფლად გაუწევს კონკურენციას ნებისმიერი რეგიონის და არა მარტო რეგიონის თეატრებში განხორციელებულ ნებისმიერ სპექტაკლს.“
გეგა ქურციკიძე, რეჟისორი: 
„ძალიან აქტუალური პიესაა. ის, რაც სცენაზე ხდება, მართლია, გადაჭარბებულია და უფრო მუქ ფერებშია დახატული, მაგრამ ჩვენი რეალობაა და ეს კომედია, ასე ვთქვათ, სატირული სახით არის წარმოდგენილი. პიესა „ჩემო მეჟოლია“ 2012 წელს დაიწერა, შემდეგ ავტორთან, მიხო მოსულიშვილთან ერთად გადამუშავდა და საბოლოოდ ასეთი სახით ჩამოყალიბდა.
საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო ხულოს თეატრში მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ დასი მცირერიცხოვანია, ამან ხელი არ შეუშალა იმას, რომ განაწილება ოპტიმალური ყოფილიყო, მსახიობების შესაძლებელობები მაქსიმალურად გამოვლენილიყო და მაყურებლისთვისაც საინტერესო წარმოდგენად წარმოჩენილიყო.“
ნინო ქარცივაძე, მსახიობ:
„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორც ამ პიესაზე (თემატიკიდან გამომდინარე), ასევე რეჟისორთან, გეგა ქურციკიძესთნ მუშაობა. ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინეთ. ბევრ რამეს ვსწავლობდით მისგან, მსახიობის ოსტატობასც კი… ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ამ ადამიანს და მომიწია მის სპექტაკლში მონაწილეობამ. ძალიან დიდი შრომა ჩადეს მხატვარმა, გია გოგიტიძემ და მუსიკალურმა გამფორმებელმა, თაზო იმნაძემ. და ძალიან დიდი მადლობა რეჟისორს, ხულოს თეატრს და თითოეულ მსახიობს.“
რამაზ ბოლქვაძე, მსახიობი:
„როდესაც რეაჟისორი პირველად ჩამოდის, ეს მსახიობისთვის არის ძალიან კარგი, იმიტომ, რომ ბევრი ახალი რამ შემოაქვს. ამიტომ მუშაობის პროცესი იყო ძალიან საინტერესო. თვენახევრის მანძილზე ვდგამდით ამ სპექტაკლს და ალბათ ძალიან მოგვენატრება ეს ყველაფერი.“

ედნარ ბოლქვაძე, მსახიობი:
„ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ პიესაზე და ჩემს პერსონაჟზე მუშაობის პროცესი. ამასთანავე, პირველად შევხვდი რეჟისორს, გეგა ქურციკიძეს. საკმაოდ განსხვავებულად წარიმართა შემოქმედებითი პროცესი და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მას, თეატრის ხელმძღვანელობას და ყველას, ვინც ერთი აგური მაინც დადო ამ სპექტაკლის შექმნაში“.

13219667_1302880579740547_717991851_n

13275834_1302880483073890_62005333_n

13236138_1302880496407222_2139601724_n

13227950_1302880486407223_446855840_n

13275930_1302880489740556_1704193195_n

13228030_1302880503073888_510734754_n

13250557_1302880493073889_2145140889_n

13250481_1302880499740555_350850175_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები