“არცერთი გასტროლის წინ არ ხდება ამდენი დროით მზადება, გარდა ქართული სცენისა”
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა “ერისიონმა” ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 130 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ანსამბლი განახლებული რეპერტუარით წარსდგა.
როგორც “კვირასთან” საუბრისას ანსამბლის სოლისტმა მიშიკო კობახიძემ განაცხადა, მოცეკვავეებისთვის ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. “ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარვდგეთ ქართველი მაყურებლის წინაშე, რადგან ის ძალიან ობიექტური, მომთხოვნი და ამავდროულად კრიტიკულია. ფილარმონიის სცენაზე გამოსვლა ანსამბლის თითოეული მოცეკვავისთვის, როგორც უდიდესი სიხარული, ასევე პასუხისმგებლობაა, ვინაიდან, ქართველი მაყურებელი ყოველთვის განსხვავებულად აფასებს ანსამბლის შემოქმედებას ყოველ გამოსვლაზე. საკმაოდ დიდ ხანს ვემზადებოდით ამ კონცერტისთვის, ვალაგებდით და ვხვეწდით თითოეულ მოძრაობას. აღსანიშნავია, რომ არცერთი გასტროლის წინ არ ხდება ამდენი დროით მზადება, გარდა ქართული სცენისა. ვფიქრობ, რომ ანსამბლი ღირსეულად წარდგა ქართველი მაყურებლის წინაშე და თითოეულმა მოცეკვავემ თავისი მაქსიმუმი გამოავლინა. როგორც ყოველთვის, ქართველი მაყურებელი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ფეხზე დგომით მიეგება 130 წლის ანსამბლის შემოქმედებას”, – აცხადებს მიშიკო კობახიძე.