“ბედნიერი ვარ, რათა მომეცა საშუალება მომემზადებინა პროგრამა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, როგორიც გახლავთ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი”
თურქეთში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდა, რომლის გახსნისა და დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა ცნობილმა ანსამბლმა “fire of anatolia”-მ მიიღო. აღნიშნულ შოუში ქართველი ხელოვანი მანუჩარ ხუბულავა ცეკვავს. ის “fire of anatolia”-ს სოლისტია.
“ქალაქ ტრაპიზონის მუნიციპალიტეტმა და თურქეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა გახსნისა და დახურვის ცერემონიალის ქორეოგრაფიული გაფორმება ჩვენს ანსამბლს დაავალა. ეს იყო უპრეცედენტო ნდობა თითოეული ჩვენგანის მიმართ. ანსამბლის ხელმძღვანელობამ სოლისტებს დაგვავალა, პროგრამის აწყობა, კოლექტივის მომზადება და ყველა ცეკვის სრულყოფილად დამუშავება, რათა პროექტის მასშტაბურობდან გამომდინარე, მაყურებლისთვის წარგვედგინა შთამბეჭდავი შოუ.
ჩვენს ანსამბლში დაახლოებით 200 მოცეკვავე ირიცხებოდა, მაგრამ ეს რაოდენობა ამ შემთხვევაში არ აღმოჩნდა საკმარისი და დამატებით 170 მოცეკვავე დავიმატეთ. პირადად მე მომიწია კავკასიური ნომრის აწყობა და მუშაობა 37 პროფესიონალ მოცეკვავესთან. დაგვჭირდა 3 კვირიანი ინტენსიური ვარჯიში, რათა მიგვეღწია იმ ხარისხისთვის, რასაც მაყურებელი ჩვენგან ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ თურქი მაყურებელი კარგად გვიცნობს, მოედანზე მათ გარდა, 49 მონაწილე ქვეყნის გულშემტკივარი იყო შეკრებილი. რაც ისედაც სტრესულ გარემოს კიდევ უფრო ამძაფრებდა და თითოეული მოცეკვავის პასუხისმგებლობას მაყურებლის წინაშე ერთგვარად ზრდიდა. გენერალური რეპეტიციის მსვლელობისას ჩვენი ანსამბლის ერთ ერთმა წევრმა მიიღო საკმაოდ სერიოზული ტრავმა და გასული ორი კვირის უმძიმესი შრომა კინაღამ წყალში ჩაგვეყარა, საჭირო გახდა თითქმის ყველა ნომრის გადაკეთება უმოკლეს, ერთდღიან პერიოდში, რადგან ირაკლის საკმაოდ დატვირთული როლი ჰქონდა ჩვენს პროგრამაში და საჭირო გახდა მისი იმგვარად ჩანაცვლება, რომ არ დაზიანებულიყო ნახაზი და მისი როლის სხვებზე გადანაწილება შესაძლებელი გამხდარიყო. ეს ჩემთვის, როგორც ქორეოგრაფისთვის მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი გამოწვევა იყო, თუმცა ბიჭების ერთსულოვნების და გამოცდილების შედგად შევძელი, რომ გადამეკეტებინა პროგრამა დაახლოებით 9 საათში. რაც შეეხება თვითონ კონცერტს, პრინციპში მე კმაყოფილი ვარ. ეს ალბათ უფრო მაყურებელმა უნდა შეაფასოს, რადგან მე ძალიან თვითკრიტიკული ვარ და არასოდეს შედეგით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, თუმცა ბედნიერი ვარ, იმითი რომ მომეცა საშუალება მემუშავა ამდენ პროფესიონალ მოცეკვავესთან ერთად და მომემზადებინა პროგრამა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, როგორიც გახლავთ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი”, – აცხადებს მანუჩარ ხუბულავა.