„თუ ჩვენ აღარ გვეტირება, ნატოს გასაგონად მაინც ვიტიროთ, შევახსენოთ ხოლმე ჩვენი წვლილის შესახებ“

 სამხედრო – პოლიტიკური ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ნატოს ვარშავის სამიტის მოახლოებას ეხმაურება და ფეიბსუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ავღანეთში საქართველოს წვლილზე თავად ქართულმა მხარემ მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს.
“ნატოს გენერალური მდივნის შარშანდელი განცხადება: “საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა”, – გამახსენა ფეისბუქმა. გვახსენებს ვარშავის სამიტის წინ, რათა ახლა უფრო “კიდევ უფრო დავუახლოვდეთ”. რით ვეღარ მივუახლოვდით? 18 წელია მოვდივართ, უკვე შევედით სრულწლოვან ასაკში. თუმცა, ჯარში მანამდე გაგვიწვიეთ: კოსოვო, ერაყი, ავღანეთი… რატომღაც ჩვენ თვითონ გვავიწყდება ჩვენი წვლილი, ჩვენი გაღებული სისხლი. 3 წლის წინ, 13 მაისს, ავღანეთში ჩვენს ბაზაზე განხორციელებული შეტევისას დაიღუპა 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა. დიდება მათ სახელებს. ამას წინათ, ჟურნალისტმა მკითხა ჩემი აზრის შესახებ, თუ რატომ ვართ ავღანეთში? მე სტატიის გამოსვლამდე არ გავაჟღერებ პასუხს. მაგრამ, ჩვენ თვითონ ნუ დაგვავიწყდება, რომ იქ ვართ. გუშინ არ გამიგია, რომ ამ სამი ქართველის გვარი გაჟღერდა სადმე. თუ გამომეპარა, ბოდიშს მოვიხდი. თუ ჩვენ აღარ გვეტირება, ნატოს გასაგონად მაინც ვიტიროთ, შევახსენოთ ხოლმე ჩვენი წვლილის შესახებ. თუმცა, თვალთმაქცობა არაა ლამაზი და არ მიყვარს. უნდა გვტკიოდეს, უნდა გვახსოვდეს, უნდა გვეტირებოდეს. მოკლედ, გაგვიღეთ კარი, მოვდივართ, და ჩაგვაკეტინეთ შიგნიდან… თუ არადა, გარედან დაადეთ დიდი საკეტი, რომ დავინახოთ, სახლში ხართ თუ არა, ტყუილად რომ არ ვაკაკუნოთ…
P.S. ისე, ზუსტად იწინასწარმეტყველა, “მივაკაკუნებთო“, თორემ გაგვიღებენო, არ უთქვამს. მე მაინც იმედით ვარ, რომ ოდესმე ჩავკეტავთ შიგნიდან, მოგვცემენ გასაღების დუბლიკატს, როგორც ოჯახის წევრს“,  – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები