არჩილ გამზარდია: მივესალმები იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” იცლება “მეჭიაურებისგან”

მხოლოდ მივესალმები იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” იცლება “მეჭიაურებისგან” და იმედია, მმართველი ძალის საპარლამენტო წარმომადგენლობის 90% შეიცვლება -ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
განახლებული “ქართული ოცნებისათვის” მთავარ რისკად არჩილ გამზარდიას „არახილვადი სახეები“ მიაჩნია.
„მხოლოდ მივესალმები იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” იცლება “მეჭიაურებისგან” და იმედია, მმართველი ძალის საპარლამენტო წარმომადგენლობის 90% შეიცვლება, ცვლილების შედეგად კი გამოჩნდებიან ისეთი პირები, რომლებიც ფასეულობათა თანხვედრაში უფრო მეტად იქნებიან, რომლებიც იმიჯს კი არ დაუნგრევენ, არამედ პოზიტიურ ელფერს შეძენენ და “ქართულ ოცნებას” , უფრო კი სახელმწიფოს მოუტანენ წარმატებას.
მთავარ რისკად განახლებული “ქართული ოცნებისათვის” მიმაჩნია არახილვადი სახეები (ანუ ზედმეტაც უცნობი სუბიექტები, რომლებმაც შესაძლოა დააბნიონ ამომრჩეველი), ე.წ. “რობოტები” (ანუ არათვითმყოფადი, მხოლოდ პულტზე თითის დამჭერი სუბიექტები, რომლებიც რაოდენობრივადაა მნიშვნელოვანი და არა პერსონალური მახასიათებლების გამო) და არაკვალიფიციური სპიკერების სიმრავლე (ანუ პირები, რომლებიც შესაძლოა კვალიფიციური სუბიექტებიც კი იყვნენ განსაზღვრულ პროფილში, მაგრამ არ შეეძლო საზოგადოებასთან ურთიერთობა, მედიასთან და ოპონენტებთან კომუნიკაცია)…
ამ საკითხებზეა სწორედ დამოკიდებული ის, თუ რა პერსპექტივებს შეიქმნის “ქართული ოცნება” არჩევნებისათვის, მოკავშირეებისა და გულშემატკივრების ან ოპონენტების თუ მოწინააღმდეგეების გამრავლების კუთხით.
ადამიანური რესურსების კონტექსტით მოლოდინების იმედგაცრუების შემთხვევაში, არაა გამორიცხული “ქართულმა ოცნებამ” მომხრე-მოკავშირეები კი არ გააჩინოს და გაამრავლოს, არამედ ოპონენტებისა და მოწინააღმდეგეების გამრავლებას შეუწყოს ხელი, შესაბამისად ეს ფაქტორები იქნება განმსაზღვრელი ამ პარტიის პერსპექტივებისა არჩევნებზე”, – წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები