პროექტი „გერმანული ენის თვე“ გრძელდება – ლუდვიგ ლაჰერის პირველი ლიტერატურული საღამო

16 მაისს, 19:30 საათზე, მწერალთა სახლში ცნობილ ავსტრიელ მწერალთან ლუდვიგ ლაჰერთან შეხვედრა გაიმართება. ლუდვიგ ლაჰერი პირველად ჩამოდის საქართველოში და თავისი ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ქართველ მკითხველთან შეხვედრებს გამართავს როგორც თბილისში, ასევე ახალციხეში.
16 მაისს მწერალთა სახლში ლიტერატურულ საღამოზე ლუდვიგ ლაჰერი წაიკითხავს ფრაგმენტებს თავისი გახმაურებული რომანიდან „ვოლფგანგ ამადეუს უმცროსი, როგორია მოცარტის შვილობა“.
ქართველ მკითხველებს საშუალება მიეცემათ, მოისმინონ ტექსტის ქართული თარგმანიც, რომელიც ცნობილმა გერმანისტმა ზურაბ აბაშიძემ შეასრულა. ავტორი შთამბეჭდავად მოგვითხრობს, როგორ ცდილობს უმცროსი ამადეუს მოცარტი, თავისი დროის ერთ-ერთი უნიჭიერესი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი – „მამის ჩრდილიდან თავის დაღწევას და საკუთარი ტალანტით ადგილის დამკვიდრებას“.
ამ საღამოს ავსტრიელი ლირიკოსი ქართველ მსმენელს საკუთარ ლექსებზეც გაესაუბრება, რომლებიც ქართულად ნატო თხილავამ თარგმნა.
ლუდვიგ ლაჰერის ლიტერატურული საღამო პროექტ „გერმანული ენის თვის“ ფარგლებში ხორციელდება – გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების ორგანიზებით და საქართველოში ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.
17 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ავსტრიელი პროზაიკოსი, პოეტი და მთარგმნელი ლუდვიგ ლაჰერი ჩაატარებს სამსაათიან ლიტერატურულ სემინარს და მონაწილეებს წინასწარ შერჩეულ ტექსტებზე მუშაობის პროცესში გააცნობს საკუთარ ლიტერატურულ მეთოდს.
„ნიჭი ხშირად არ კმარა იმისათვის, რომ ადამიანმა ლიტერატურული ტექსტის შექმნა მოახერხოს. საჭიროა გარკვეული უნარები, რომელთა შესწავლაც შესაძლებელია“, – ამბობს ლუდვიგ ლაჰერი.
სემინარის დასასრულს, გაიმართება მიღწეული შედეგების პრეზენტაცია და განხილვა.
19 მაისს მწერალი ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
ღონისძიებას გაუძღვება ახალციხის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანისტი ლალი ბერიძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პირველმა გააცნო ქართველ მკითხველს ავსტრიელი მწერალი ლუდვიგ ლაჰერი, როცა თარგმნა და ჟურნალში გამოაქვეყნა ნაწყვეტი რომანიდან „ შიშველი ნატურა“.
საქართველო უკვე მერვე ქვეყანაა, სადაც ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ლუდვიგ ლაჰერის ნაწარმოებები.
ლუდვიგ ლაჰერი დაიბადა 1955 წელს ლინცში (ზემო ავსტრია). გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1974 წ. სწავლა განაგრძო ზალცბურგის უნივერსიტეტში გერმანისტიკის, ანგლისტიკისა და კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით. დისერტაციისათვის თემაზე – გრენადის თანამედროვე ლიტერატურა მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა დროს ასწავლიდა ზალცბურგის, კლაგენფურტის, ინსბრუკისა და ვენის უნივერსიტეტებში. მოღვაწეობს როგორც თავისუფალი მწერალი, პროზაიკოსი, ლირიკოსი და ესეისტი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი, რადიო-პიესა და სცენარი, ასევე ლექსების რამდენიმე კრებული. ლუდვიგ ლაჰერი არის მრავალი თარგმანისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს უამრავი ლიტერატურული ჯილდო და სტიპენდია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ, ქართულ, იაპონურ და ხორვატულ ენებზე. 2005 – 2007 წწ. იყო ევროპის ხელოვანთა საბჭოს (ECA) პრეზიდენტი. ამჟამად ავსტრიის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის საბჭოს წევრი და ამავე კომისიის კულტურული მრავალფეროვნების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელია, ასევე, არის გერმანული მართლწერის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფოთაშორისი კომისიისა (RdR) და გრაცის ავტორთა კრების (GAV) წევრი, ავსტრიელ მწერალთა გაერთიანების (IGAA) მმართველი საბჭოს წევრი. 1993 წლიდან ცხოვრობს სანკტ-პანტალეონსა (ზემო ავსტრია) და ვენაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები