გიორგი გაბუნია: აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე სპეკულაციები არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
“ეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც 75 ქვეყანასთან მიმართებით მიიღეს”,- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.
გაბუნიას თქმით, იყო მცდელობა, ეს საკითხი წარმოეჩინათ ისე, რომ საქართველოსთან მიმართებით იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება.
„აღნიშნული სპეკულაციები არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების დამძიმებას და შეცდომაში შეყვანას. 75 ქვეყანასთან მიმართებით მიიღეს გადაწყვეტილება და ეს არის აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილი. მათ აქვთ საკუთარი მიდგომები და დამოკიდებულებები. ეს საკითხი არ ეხება ტურისტულ ვიზებს და უფრო საიმიგრაციო მიმართულებით არის მიღებული გადაწყვეტილება.
საკითხის წარმოჩენა ისე, თითქოს ეს მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ასევე აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში დამატებით განცხადება, სადაც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალებზეა საუბარი“,- აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას დროებით 75 ქვეყნისთვის აჩერებს, რომელთა შორისაა საქართველოც.
ქვეყნების სრული ჩამონათვალი ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.