სოსიაშვილი – ახალაიას განცხადებაზე: მათ უფსკრულში გადაჩეხეს საკუთარი ქვეყანა, დააკარგვინეს ტერიტორიები და ღირსება წაართვეს ქართველ ხალხს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უფსკრულში გადაჩეხა საკუთარი ქვეყანა, დააკარგვინა ტერიტორიები და ღირსება წაართვეს ქართველ ხალხს,“- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ბაჩო ახალაიას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს ისინი ყელმოღერებით საუბრობენ, უტიფრად ელაპარაკებიან საზოგადოებას, თითქოს, რაღაც ახალი ქართული სახელმწიფო ააშენეს. სინამდვილეში მათ უფსკრულში გადაჩეხეს საკუთარი ქვეყანა, დააკარგვინეს ტერიტორიები, ღირსება წაართვეს ქართველ ხალხს, ფეხქვეშ გათელეს ჩვენი იდენტობა და ამ ყველაფრის აღდგენისკენ იდგმება ახლა ნაბიჯები”, – განაცხადა სოსიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ბაჩო ახალაიას ვიდეოს და აზუსტებს, რომ ვიდეო დაკავებამდე ორი დღით ადრეა ჩაწერილი. ვიდეოში ახალაია აღნიშნავს: „სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში, მეამაყება, რომ „ნაცად“ აღვიქვამ თავს“.