თურქეთში იუთუბერმა ორი შვილი მოკლა და თავი მოიკლა
ადანაში, 34 წლის იუთუბერმა სერგენ ალტუნბაშმა ორი შვილი, 6 წლის მერთი და 8 წლის ადა, მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
მკვლელობამდე ალტუნბაშმა მეუღლეს შეტყობინება გაუგზავნა: „მხოლოდ ერთი არჩევანი დამრჩა. იცი, რატომ არ გიტოვებ ბავშვებს?“
წყვილი 2021 წელს დაშორდა, თუმცა ერთ სახლში განაგრძობდნენ ცხოვრებას და ბოლოდროინდელი კამათის შემდეგ, ცოლი დროებით წავიდა.
მეზობლებმა, რომლებმაც გასროლის ხმა გაიგეს, პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა ალტუნბაშისა და მისი შვილების ცხედრები აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ მან ჯერ ბავშვები მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრაგედიის შემდეგ ნათესავებმა ალტუნბაშის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.
ცხედრები გაკვეთისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში გადაასვენეს.
ცნობისთვის, სერგენ ალტუნბაში ცნობილი იყო აშშ-ის ვიზის მიღების შესახებ YouTube ვიდეოებით და საკუთარი კომპანიის მეშვეობით ატარებდა ვიზასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს – მანამდე ის ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობდა.