გია ვოლსკი – პეტერ ფიშერისგან განმარტებებს ველოდებით, რას ნიშნავს პოლიტიკაში ჩართული, მათ შორის ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრა
„გერმანიის ელჩისგან განმარტებებს ველოდებით, თუ რას ნიშნავს პოლიტიკაში ჩართული, მათ შორის ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საკმაოდ სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ დიახაც, ასეთი შინაარსის საუბარი შედგა გერმანიის ელჩთან, ეს არც ახალი იქნება და არც გაგვიკვირდება ადამიანისაგან, რომელიც პირდაპირ თავისუფალ პროცესებშია ჩართული, ფინანსურად, პოლიტიკურად თუ თავისი განცხადებებით.
„თვითონ ეს საკითხი, რომ ირანის, ნეპალის პროცესები, ასეთი ბრუტალური დაპირისპირება დღის წესრიგშია და ეს ოპოზიციად წოდებულ რევკომში განიხილება, ეს ახალი არ არის. მაგრამ, როდესაც 30 კაცს სხვადასხვა მიმართულების, ეკლექტურულ ჯგუფს, განსხვავებულ, მაგრამ ერთი მიზნისაკენ ორიენტირებულ ხალხს კრეფ, რომელსაც ეს ნეპალი, ირანი თუ სხვა არეულობა საქართველოს მაგალითად მიაჩნია, უნდა ვიგულისხმოთ და უნდა მოველოდოთ იმასაც, რომ ამ რაოდენობის ადამიანების შეკრების შემდეგ, ეს ინფორმაცია, ანუ ფიშერთან შეხვედრა, გავრცელებული იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გერმანიის ელჩისგან განმარტებებს ველოდებით, თუ რას ნიშნავს, პოლიტიკაში ჩართული, მათ შორის ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლებთან ასეთი შეხვედრა. და მეორე, რეალურია თუ არა ის ინფორმაცია, რაც ამ შეხვედრის მონაწილეებმა გაავრცელეს, როგორც ინსტრუქცია იმ ხალხისათვის, რომლებიც ჩართული არიან ამ საპროტესტო აქციებში.
ამასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ დიახაც, ასეთი შინაარსის საუბარი შედგა გერმანიის ელჩთან, ეს არც ახალი იქნება და არც გაგვიკვირდება ადამიანისაგან, რომელიც პირდაპირ თავისუფალ პროცესებშია ჩართული, ფინანსურად, პოლიტიკურად თუ თავისი განცხადებებით. არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ შინაარსის შეხვედრა არ შემდგარა. ვადასტურებ, რომ ეს ინფორმაცია რეალურია და ამ ინფორმაციამ გამოჟონა. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით განცხადება უნდა გააკეთოს გერმანიის ელჩმა: რა თემაზე ჰქონდათ საუბარი, რატომ მოხდა, რომ ეს შეხვედრა დახურული იყო, რატომ მოხდა რომ ამ საკითხზე საზოგადოებას არ აცნობა და შინაარსი არ იქნა განხილული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 15 იანვარს აქციების მონაწილე რამდენიმე აქტივისტს შეხვდა. კერძოდ, „იმედის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი. ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრის თემა იყო აქციების დაფინანსება, შემდგომი სტრატეგია, მათ შორის საუბარი იყო ირანულ სცენარზეც.