ლევან მაჭავარიანი – არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფიშერმა საიდუმლო შეხვედრა გამართა ოპოზიციის წევრებთან, სადაც მათ მოუწოდებს, რომ ირანის მსგავსი სცენარი საქართველოშიც განხორციელდეს
„არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფიშერმა საიდუმლო შეხვედრა გამართა ოპოზიციის წევრებთან, სადაც მათ მოუწოდებს, რომ ირანის მსგავსი სცენარი საქართველოშიც განხორციელდეს,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფიშერისგან გასაკვირი არაფერი არ არის.
“ბატონი ფიშერისგან გასაკვირი არაფერი არ არის, რომელიც შეგახსენებთ რომ მამუკა ხაზარაძის მდგმური გახლავთ, ადამიანი, რომელიც გაწვეული იყო კონსულტაციებზე, ჩამოვიდა, ორი დღეც ვერ მოითმინა, მივიდა აქციაზე, პოზირებდა ფოტოებს იღებდა ერთ-ერთ რადიკალ აქტივისტთან, რომელიც დაკავებულია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის ლანძღვა-გინებით. მანამდე ფოტოებს იღებდა ისეთ რადიკალ აქტივისტებთან, რომლებიც მაგალითად მარიამ ლაშხს მიუვარდნენ და არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად რაღაც საშინელი პერფორმანსი დაუდგეს. ადამიანი, რომელიც გამიზნულად პოზირებს ბანერთან, რომელსაც აწერია “მონა”, რომელიც დადიოდა სასამართლო პროცესებზე, რათა ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა მოსამართლეებზე. ხოლო, ახლა არის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან საიდუმლო შეხვედრა გამართა რადიკალებთან, რაც, რა თქმა უნდა, არავის უნდა გაუკვირდეს.
რადიკალების ჯგუფში ერთ-ერთი არის ბატონი მიშველაძე, რომელიც გამორჩეული რადიკალია ჯაფარიძის გირჩის პარტიის წევრია. ეს იყო საიდუმლო, დახურული სახის შეხვედრა და არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბატონი ფიშერი მოუწოდებს ამ რადიკალებს, რომ ეს აქციები უკვე თავის ძალას კარგავს და იმისათვის, რომ მუხტი მოემატოს, მათ უნდა განავითარონ ირანში განვითარებული სცენარი. კერძოდ, უნდა იყოს რაღაც ტიპის მსხვერპლი, რომ ამ აქციას მუხტი მიეცეს,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან შეხვედრა გამართეს ოპოზიციის სხვადასხვა წევრებმა. მკაცრად გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი.