მწერალთა სახლში ლიტერატურული მარათონის − შემოდგომის „არა-კი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
მწერალთა სახლში ლიტერატურული მარათონის − შემოდგომის „არა-კი“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, 10 მონაწილიდან მარათონის მენტორებმა და ამავდროულად ჟიურის წევრებმა − მწერლებმა კონსტანტინე ჯანდიერმა, ირაკლი სამსონაძემ და ბაჩო კვირტიამ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოავლინეს.
მარათონის პირველი ადგილის მფლობელი პოეტი და პროზაიკოსი − ნატა ვარადაშვილი გახდა, ნაწარმოებისთვის „იყოს ტიომას ამბავი“ (თემა: „…როდესაც ასე ახლოა გრემი“);
მეორე ადგილზე პროზაიკოსი გვანცა ფიფია დასახელდა, უსათაურო ნაწარმოებისთვის, ეპიგრაფით „ჯვარცმასთან მიდის უცხო მლოცველი და ერთ სანთელს უსახელო სულებისთვისაც ანთებს“… (თემა: „…არაკებს გეტყვი ბევრსაო“);
მესამე ადგილი კი პროზაიკოს ნინო გუგეშაშვილს ერგო, ნაწარმოებისთვის „ზარიც საქმეა“ (თემა: მტრედის საკენკი).
მწერალთა სახლმა საკუთარ ორ თანამშრომელს, პოეტებს − ირმა ბერიძესა და ნინუკა ქოიავას, მარათონში კონკურსგარეშე ფორმით მონაწილეობისთვის სამახსოვრო დიპლომები გადასცა.
მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ და ლიტერატურული მარათონის ხელმძღვანელმა, მწერალმა ბაჩო კვირტიამ „არა-კი“-ს ათივე მონაწილეს და მენტორებს − კოტე ჯანდიერსა და ირაკლი სამსონაძეს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.
მწერალთა სახლმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მარათონის მასპინძლის − ისტორიულ კომპლექს „წინაპარის“ ხელმძღვანელობის, მისი მომსახურე პერსონალისა და „წინაპარის“ წარმომადგენლის − მარიამ ლომთათიძის მიმართ, გულთბილი მასპინძლობისა და განსაკუთრებული ყურადღებისთვის მარათონის მონაწილეებისადმი.
მწერალთა სახლი მარათონის ათივე მონაწილის ნაწარმოების კრებულად გამოცემას გეგმავს.
ლიტერატურული მარათონი „არა-კი“ წელიწადში ოთხჯერ გაიმართება, წელიწადის ოთხ სეზონზე. ახლა კი ჯერი ზამთარზეა − მარათონის მომავალ მონაწილეებს ზამთრის „არა-კი“ ელით!