თინა ხიდაშელი: მივმართავ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების სია

საქართველოს ექსთავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ თინა ხიდაშელის უწყებას საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რასაც მას ვერ უწესებდნენ, მოქმედი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება.
ხიდაშელი ფიქრობს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისათვის უმნიშვნელოვანესი თემა უდიდესი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცია.
თავდაცვის მინისტრი წინამორბედს მიმართავს, დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების სია, პოლიტიკური შეუძლებლობების სია, დეტალურად განმარტოს პოლიტიკური ჩარჩოების არსი, კომპონენტები, კონკრეტული გამოხატულება.
„ახლა დავბრუნდი ქვეყანაში და ეს ამბავი დამხვდა: “ხიდაშელის უწყებას ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რასაც მე ვერ მიწესებდნენ საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ალასანიამ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას.
რატომღაც მეგონა საჰაერო თავდაცვის თემა დასრულებული იყო – შევცდი. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანისი საკითხი და სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, არავის ავყვე სპეკულაციებსა და ტყუილის ტირაჟირებაში. ეს არის თემა სადაც, სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება და შესაძლებლობა. ხელშეკრულება, რომელსაც მე მოვაწერე ხელი და რომელიც მის დროს მომზადდა, საჯარო გავხადო, ან მათი შედარებითი ანალიზი გავაცნო საზოგადოებას. ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, იმის სადემონსტრაციოდ, თუ სინამდვილეში რამდენად აბსურდულია სპეკულაცია, და რას მივაღწიეთ 2 თვეში 24- საათიანი მუშაობით სწორედ ჩემი მინისტრობის შემდეგ. უბრალოდ სირცხვილია. განსაკუთრებით სირცხვილია, იმიტომ რომ ერთი წელი გავიდა, ყველაფერი გავაკეთე, რომ უპასუხოდ დამეტოვებინა ბრალდებები, მაგრამ როდესაც პრორუსული შეტევების ნარატივში ეწერება ვინმე, როდესაც სრულიად ღია, თავაშვებული, მართული, კონცენტრირებული შეტევა მიმდინარეობს და ვინმე ხელის მოსაკიდი ადგილის ძებნას იწყებს, შეუძლებელია, ეს უპასუხოდ დავტოვო.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხელშეკრულების ხელმოწერამდეც და მისი შემდეგაც მუდამ გამოხატავდა უკმაყოფილებას და ეს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისათვის უმნიშვნელოვანესი თემა უდიდესი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქცია. კიდევ უფრო მეტად იმის შემდეგ, რაც რეალურად აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მონდომება და საკმარისი პოლიტიკური ნება იყო საჭირო ამ საქმის უკეთ გასაკეთებლად და ბოლომდე მისაყვანად. მე მინისტრობის პირველივე დღეს ვთქვი, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოვაწერ ხელშეკრულებას ხელს-მეთქი, და ზუსტად ისე, როგორც ყველა სხვა პირობის შემთხვევაში, რომელიც მინისტრად დანიშვნის დროს დავდე. აქაც მყისიერად ვაჩვენეთ შედეგი. სპეკულაციების დასრულების მიზნით, შარშან ივლისში, პარიზიდან ჩამოსვლისთანავე ჩემი ინიციატივით საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, სადაც სრულიად ნათლად და ცალსახად წარვადგინეთ პირობები, სხვაობა მანამდე არსებულ ვერსიასა და ხელმოწერილ დოკუმენტს შორის. გაუმჯობესებული პირობები, გაუმჯობესებული თავდაცვა, უკეთესი ცა.
მე პირადად, სამჯერ მივმართე თდ-ების წარმომადგენელს ნდობის ჯგუფში კითხვები დაესვა, ასეთის არსებობის პირობებში, რათა არაფერი დარჩენილიყო პასუხგაუცემელი. ზურა აბაშიძეს არცერთი კითხვა არ ჰქონდა, არცერთი პრეტენზია არ წამოუყენებია და არცერთი შენიშვნა არ ჰქონია. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ამ თემას წერტილი დაესვას. უბრალოდ სირცხვილია, როცა ზუსტად იცი, რომ საჯაროდ შინაარსს ვერ მოყვებიან და პირობებს ვერ გააცნობენ საზოგადოებას. აქ მხოლოდ ჩემს რეპუტაციაზე არ ვსაუბრობ, ეს ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი თემაა, და როდემდე შეიძლება ეს ყალბი გოდება და უსაფუძვლო საუბრები ვისმინოთ, რომ შეიძლებოდა ქვეყნის უკეთ დაცვა და ვინმემ ეს არ გააკეთა, დაწესებული პოლიტიკური შეზღუდვების გამო. საჯაროდ მივმართავ ყოფილ მინისტრს, ზუსტად, დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების სია, პოლიტიკური შეუძლებლობების სია, დეტალურად განმარტოს პოლიტიკური ჩარჩოების არსი, კომპონენტები, კონკრეტული გამოხატულება. როგორც ჩანს, ბატონმა ირაკლიმ, ხიდაშელისთვის დაწესებული პოლიტიკური ჩარჩოები ყველაზე ნათლად კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების სამსახურში დაბრუნების დროს დაინახა და იმის შემდეგ არ ტოვებს განცდა, დამეხმაროს ამ შეზღუდვების მოხსნაში“, – წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები